ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯომარეზე პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის თაობაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი 26 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრებს შეხვდა.

შეხვედრას მოქმედი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც ესწრებოდა, რომლის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა თებერვალში იწურება.

კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს – სასამართლო სისტემის კურატორ ორგანოს, რომელსაც მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ „საინტერესო“ უწოდა საბჭოს წევრებთან შეხვედრას, სადაც მართალია კონკრეტულ კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ „ის კრიტერიუმები წამოიწია, რომელთაც იუსტიციის საბჭოს წევრთა აზრით, უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე“.

კონსულტაციების პროცესი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით გახსნა; გასულ კვირას ის ასევე შეხვდა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობისა და ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის წარმომადგენლებს და დისკუსიები გამართა პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფის „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების ეს პროცესი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ისეთი კანდიდატის შერჩევას ისახავს მიზნად, რომელიც პარლამენტში არჩევისთვის კონსენსუსს მოიპოვებს.   კუბლაშვილის შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მსგავსი/Related

Back to top button