ახალი ამბები

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის უფლებისთვის შვიდი კომპანია განაგრძობს ბრძოლას

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შედეგად შვიდი კომპანია და კონსორციუმი შეირჩა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ივლისში გამოაცხადა. პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა).

განაცხადები 12 კომპანიამ და კონსორციუმმა წარადგინა. ეკონომიკის სამინისტრომ შვიდი კომპანიის შერჩევის შესახებ პირველად დეკემბერში განაცხადა, თუმცა სია 22 იანვარს გაასაჯაროვა.

შერჩეულ კომპანიებს შორის არიან:

  • Terminal Investment Limited SA, მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი საკონტეინერო გადამზიდავი კომპანიის Mediterranean Shipping Co (MSC) შვილობილი კომპანია;
  • Bouygues Travaux Publics, რომელიც ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფის Bouygues შემადგენლობაში შედის;
  • China Harbour Engineering Company Ltd, ჩინური Communications Construction Company (CCCC)–ის შვილობილი კომპანია;
  • იაპონური კონგლომერატის Mitsui & Co.–ის და სინგაპურში მდებარე, პორტების ოპერატორი მისი  შვილობილი კომპანიის Portek International Pte Ltd–ს კონსორციუმი;
  • "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც სპეციალურად ამ მიზნით თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დააარსა და რომელიც ამ პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group–თან თანამშრომლობს.
  • კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებული არიან „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“, რომლის დამფუძნებელიც არის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა, რომელიც ბიზნესებს ფლობს რუსეთსა და საქართველოში და რომელიც ასევე დაკავშირებულია თბოელექტროსადგურის დაგეგმილ მშენებლობასთან სომხეთში; British Eco Power-ი; და Hubei Hongyuan Power Engineering Co., რომელიც ჩინური სახელმწიფო კომპანიის Power Construction Corporation of China (PowerChina)–ს შვილობილი კომპანიაა. 
  • ამერიკული კომპანიის AECOM და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიის DİA Holding კონსორციუმი; ეს უკანასკნელი, რომლის დამფუძნებლებიც Intersun და თურქული სამშენებლო კომპანია IC Holding არიან, აზერბაიჯანშიც აქტიურად მოღვაწეობდა და მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო კონტრაქტები მიიღო. 

„სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, „მოკლე სიაში“ შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ მათ მიმდინარე წლის 16 აპრილს წარმოადგინონ დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე კანდიდატის შერჩევა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად. შემდგომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის წლის სექტემბრისა“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ 22 იანვარს.

ფოთის და ბათუმის პორტებს მხოლოდ მცირე გემების მიღება შეუძლიათ მაქსიმუმ 1700 კონტეინერით. უფრო დიდი მოცულობის ტვირთებს რეგიონის სხვა პორტები იღებენ, ძირითადად სტამბოლი, სადაც კონტეინერები უფრო მცირე ზომის გემებზე იტვირთება და შემდეგ მათი ბათუმისა და ფოთისკენ ტრანსპორტირება ხდება.

მსგავსი/Related

Back to top button