skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი დავოსში შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, თურქეთის პრემიერ-მინისტრს  აჰმედ დავუთოღლუს და ასევე მასპინძელი ქვეყნის, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა და ალიევმა ორი ქვეყნის "კეთილმეზობლური ურთიერთობები“, სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ღარიბაშვილმა, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით დავოსში გამართულ მიღებაში, ილჰამ ალიევი საქართველოში მოიწვია.

თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე, რომელზეც ძირითადი ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა, ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას თურქეთთან“, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

პრემიერმა ღარიბაშვილმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს; პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა დიდიე ბურკჰალტერს მადლობა გადაუხადა რუსეთთან ურთიერთობის პროცესში შვეიცარიის მიერ გაწეული შუამავლობისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის და ასევე „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

დავოსში სტუმრობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პანამის პრეზიდენტთან.

მსგავსი/Related

Back to top button