ახალი ამბები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო და პირველი შეხვედრა ამ თემაზე დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის კოალიციის წარმომადგენლებთან 15 იანვარს გამართა.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კოალიციის წარმომადგენლებმა, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ პრეზიდენტთან კონკრეტულ კანდიდატურებზე მსჯელობა ამ ეტაპზე არ ყოფილა და საუბარი, ძირითადად, კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს შეეხო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალმა ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციამ პრეზიდენტს მრჩეველთა საბჭოს შექმნა შესთავაზა, რომელიც შეისწავლის კანდიდატების საქმიანობას და  რეკომენდაციას შეიმუშავებს პრეზიდენტისთვის.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გაითვალისწინებს რამოდენიმე გარემოებას ამ პროცესში. ეს არის, პირველ რიგში, კანდიდატის კრიტერიუმები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალიზმის, პრინციპულობის, მიუკერძოებლობის სტანდარტებს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე არის არსებული პოლიტიკური რეალობა იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი უჭერს მხარს წარდგენილ კანდიდატურას“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.

ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ იმის მიუხედევად გაიზიარებს თუ არა პრეზიდენტი შეთავაზებას მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე, ის დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში განაგრძობს შეხვედრებს როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ისე საპარლამენტო და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც დაინტერებულნი არიან ამ საკითხით.

პრეზიდენტმა კონსულტაციების დაწყების მზაობა მას შემდეგ გამოთქვა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მოუწოდა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის გამჭირვალე პროცესისკენ. გასული თვის ბოლოს პრეზიდენტს ასევე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რათა „მისაღებ“ კანდიდატურაზე მთავრობასა და პარლამენტთან კონსულტაციები დაეწყო.

მსგავსი/Related

Back to top button