ღარიბაშვილი: მთავრობა არ არის ვალდებული დაესწროს პრეზიდენტის ‘სიმბოლურ’ გამოსვლას პარლამენტში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მაინც დაესწრება მის ყოველწლიურ მიმართვას პარლამენტში, 14 იანვარს განაცხადა, რომ ამ „სიმბოლურ გამოსვლაზე“ დასწრებას ის საჭიროდ არ მიიჩნევს.
„ახალი კონსტიტუციით მართლაც არ არის მთავრობა ვალდებული, რომ დაესწროს. პრეზიდენტის ეს სიმბოლური გამოსვლა არის პარლამენტში და მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს – ეს ჩვეულებრივი გამოსვლებია – უნდა დაესწრონ მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ–მინისტრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. წმინდა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა – არმონაწილეობას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კომენტარში, რომელიც ლიკანში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსის“ გახსნის შემდეგ გააკეთა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 13 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ „ვერ მოახერხა“ დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, 2015 წელს არ განმეორდებოდა, რადგან „ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენს სახელმწიფოს და არც ჩვენს საერთაშორისო თუ შიდა იმიჯს“.
„მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს და გამონახავს დროს მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისშია, ამ მოხსენებაზე დასწრების თვალსაზრისით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა სამშაბათს ჟურნალისტებთან კომენტარში.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნისას მიმართავს პარლამენტს ყოველწლიური მოხსნებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პარლამენტს პრეზიდენტის სტუმრობის ზუსტი დრო ჯერ არ განუსაზღვრავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)