ახალი ამბები

ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის გამჭირვალე პროცესისკენ მოუწოდებენ

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მოუწოდა პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის, წარდგენის და დამტკიცების პროცესი „გამჭვირვალე და ინკლუზიური“ იყოს და  ის „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით“ წარიმართოს.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პრეზიდენტს, რომელსაც გასული თვის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობასთან და პარლამენტთან ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა, კუბლაშვილის შემცვლელი ჯერ არ შეურჩევია.

12 იანვარს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს,  განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისა და დამტკიცების პროცედურები „მნიშვნელოვანია“, რომ წარიმართოს „გონივრულ ვადებში, უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე“.

კოალიციამ კანდიდატის შერჩევის და განხილვის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობისკენ; ამ პროცესის „პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან“ დაცვისკენ; კანდიდატის მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციის, პრინციპულობისა და შეუვალობის კრიტერიუმით შერჩევისკენ მოუწოდა. კოალიციის თქმით, პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ ნომინირებული კანდიდატის პროფესიული თვისებებით და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები „ვიწრო პარტიული ინტერესებიდან დისტანცირების უზრუნველსაყოფად“.

„მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენისა და დამტკიცების პროცესი. ყოველივე აღნიშნულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სიტემაში დაწყებული რეფორმების ეფექტიანად გაგრძელებისა და აღსრულების თვალსაზრისით. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პროცესის გაუმჯობესებას და მის გამჭვირვალედ წარმართვას“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 12 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button