ახალი ამბები

ღარიბაშვილი უკრაინის შესახებ საუბრობს

26 დეკემბერს გამართულ ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად გამიჯნა მთავრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი  სამხედროების ბრძოლისგან უკრაინის მხარეს და ხაზი გაუსვა რამდენჯერმე, რომ საქართველო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა უკრაინასთან მიმართებაში; მან „პროვოკაციული“ უწოდა კითხვას იმასთან დაკავშირებით არის, თუ არა რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი.

კითხვაზე ემსახურება თუ არა უკრაინის მხარეს ბრძოლა საქართველოს ინტერესებსაც და თუ არის ეს „საქართველოს საქმე“, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე. უკრაინაში ქართველების ბრძოლისგან, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ“.

„იცით, რომ გავაგზავნეთ მედიკამენტები, ათასი საშუალებები და ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ ჩვენს უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, ვუცხადებთ სოლიდარობას; ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია ეს, მაგრამ ჩვენი სოლიდარობა და დახმარება გამოიხატება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ საქართველო „აბსოლუტურად ემიჯნება“ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, მას ჰკითხეს არის თუ არა პუტინი „საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი“. ღარიბაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ, კიდევ ვიმეორებ, გამიჯნული, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისადმი შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით, მე მგონი ამაში ყველაფერი ვთქვი. არავითარი სამხედრო დახმარებაზე საუბარი  არ არის და რა თქმა უნდა, ვართ გამიჯნულები“. 

შემდეგ მან განაგრძო, რომ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერი, არის „პროვოკაციული“.

„მე გეტყვით,  ეს თქვენი კითხვა არ არის“, – უთხრა მან ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტს, რომელმაც დასვა ეს შეკითხვა, „ეს არის მომზადებული კითხვები ნაციონალური მოძრაობის“.

„ის, რომ პირადად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ბრალდებული უამრავ დანაშაულებში, მოუწოდებდა და მისი წარმომადგენლები, მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ეს პირად საუბრებშიც, ასე ვთქვათ, მიდიოდა მოლაპარაკებები, რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, იმიტომ რომ იქ მაღალი ანაზღაურება იქნება, ეს არის პირდაპირი ღალატი და  მოწოდება ღალატისკენ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შემდეგ მან თავდაცვის სამინისტროს სადავო განცხადება გაიხსენა, რომლის თანახმადაც „ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს“ მიუძღვით ბრალი უკრაინის მხარეს მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაში, რადგანაც სწორედ ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას საყოველთაო დაგმობა მოყვა, თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა განცხადება ვებგვერდიდან მოეხსნა. პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან არ მოიწონა განცხადება, რადგანაც ის სამინისტრომ გააკეთა; სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, განცხადებაში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა. 

„მე აქვე ვთქვი, რომ სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა განცხადება, მაგრამ მინისტრი ან პოლიტიკოსი თუ გააკეთებს ამ განცხადებას, იქ არაფერი უჩვეულო არ ეწერა იმ განცხადებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„ეს არის პირდაპირი ღალატისკენ მოწოდება და ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რასაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს“, – განაცხადა მან, „ღალატი არის ის, რომ მოუწოდო  შენს ჯარისკაცს, რომ დატოვოს საქართველოს შეიარაღებული ძალები და ანაზღაურების სანაცვლოდ წავიდეს სხვაგან და იომოს. აი ეს არის ღალატი, ჩემი აზრით“. 

„ჩვენ სადაც ვმონაწილეობთ ოფიციალურად, ამას ჩვენ ღიად ვაცხადებთ – ეს არის ISAF-ის მისია ავღანეთში, ეს არის ცენტრალურ აფრიკაში ჩვენი მისია, დანარჩენში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ამით სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, არამარტო ჩვენ, არამედ მთელი თანამეგობრობა არის გაოცებული ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობით, მათი სიმამაცით და მათი ერთგულებით და არ უნდა მოეპყროს ყოფილი მთავარსარდალი ასე დამამცირებლად ჩვენს ჯარისკაცს. აი ეს არის ღალატი, ეს არის მტრობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

როდესაც მას კიდევ ერთხელ ჰკითხეს არის თუ არა პუტინი საქართველოს და უკრაინის მტერი, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „მე გითხარით, რომ მტერი არის…“

„სააკაშვილი?“, – ჩაერთო ჟურნალისტი, როდესაც ღარიბაშვილმა პაუზა გააკეთა.

„დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, კი ბატონო,  და ჩვენი ხალხის მტერი, თუ ასე გინდათ“, – განაგრძო პრემიერ–მინისტრმა, „ის, რასაც აკეთებს ყოფილი მთავარსარდალი, არის სირცხვილი და  არის სწორედაც, რომ ღალატი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის“. 

„პირდაპირ პროვოკაციულ შეკითხვას მისვამ, ესე იგი, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი მტერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ამ დროს, აბსოლუტურად გაუაზრებელია ის განცხადებები, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან და აბსოლუტურად პროვოკაციულია თქვენი განცხადებაც, თქვენი შეკითხვაც და ზოგადად მათი ქმედებები, თქვენი გუნდის – ნაციონალური მოძრაობის“. 

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით, არ ვიქცევით და არ მოვიქცევით ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი გვიდგას ჩვენს ტერიტორიაზე, 20% არის ოკუპირებული და არის ურთულესი ვითარება რეგიონში.  უკრაინა არის ცეცხლის ალში გახვეული და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს სწორედაც მე მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი საზრუნავი აქვს, რომ მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. აი, ეს არის, ჩემო ძვირფასებო, მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ამას ჩვენ არ დაუშვებთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„მთელი, ასე ვთქვათ,  ფილოსოფია იმაში კი არ არის, რომ ვინ უფრო რამდენად გაბედულად იტყვის მტერია თუ არ არის, ან შეაგინებს ან არ შეაგინებს, საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე“, – განაცხადა მან. 

„მე ვარ მთავრობის მეთაური და მე უნდა გავაკეთო ის განცხადება, რომელიც იქნება კეთილდღეობის, სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და არა ის, რომელიც უფრო დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. თუ თქვენ გასიამოვნოთ უბრალოდ ამ განცხადებით და რაღაც 20 კაციანი სექტა ნაციონალური მოძრაობის? მე ამას არ დავუშვებ იმიტომ, რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ხალხის და  ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მე ვთქვი, რომ ერთადერთი საზრუნავი ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის და მისი სექტის – სექტად ჩამოყალიბდა ეს მოძრაობა უკვე იმიტომ, რომ იქ რეალურად დარჩნენ იდეოლოგიურად შეკავშირებული ადამიანები – დღეს რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გარწმუნებთ 101%–ით, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში იქნებოდა საშინელება, იქნებოდა ომი და იქნებოდა საშინელი არეულობა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

როდესაც მას სთხოვეს დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობს ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან „გამიჯვნაში“, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მთავრობა, ჩვენი სახელმწიფო, ისევე როგორც ევროპა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო არის გამიჯნული და სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობს. ჩვენი ჩართულობა და ჩვენი სოლიდარობა არის გამოხატული მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით“.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ის კიევში ვიზიტის დროს საქართველოს იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდეს, რომელთაც უკრაინის მთავრობაში თანამდებობები დაიკავეს, ღარიბაშვილმა უპასუხა: „არათუ უკრაინაში, არამედ საქართველოში არ მქონდა სურვილი მათი დანახვის და მათთან შეხვედრის“.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მათთან შეხვედრას და არც მათი ნახვა არ მინდა, არ მჭირდება არაფერში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „რაც შეეხება ჩემს შესაძლო ვიზიტს, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, ჯერ არ ვიცი როდის შედგება ეს ვიზიტი“.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button