ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კარასინის და აბაშიძის შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში თებერვლის ბოლოს გაიმართება, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 თებერვალს.

ამავე ცნობით, აბაშიძემ და კარასინმა 16 თებერვალს სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც „რუსულ-ქართული ორმხირივი ურთიერთობების რამდენიმე პრაქტიკული საკითხი განიხილეს“.

ორი დიპლომატი ბოლოს ერთმანეთს ოქტომბერში შეხვდა, სადაც ძირითადად, მხარეებმა რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობის ახალ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული. თბილისმა 24 ნოემბერს დაგმო ხელშეკრულების ხელმოწერა, როგორც აფხაზეთის „დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“. ბოლო შეხვედრის შემდეგ კარასინის და აბაშიძის მომდევნო შეხვედრის თარიღი არ დათქმულა.   

ორმხრივი დიალოგის ფარგლებში რეგულარული შეხვედრების ამ ფორმატს  2012 წლის დეკემბრიდან ჩაეყარა საფუძველი, რათა ორ ქვეყანას შორის, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილონ.

 

მსგავსი/Related

Back to top button