ახალი ამბები

კარასინი მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელმოწერილ ხელშეკრულებას არაფერი აქვს საერთო „ანექსიასთან“ და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და მოსკოვი განაგრძობენ არაფორმალურ დიალოგს, რომელსაც ის და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმართავენ.

თბილისმა დაგმო ახალი ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის, როგორც რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენმა მეზობლებმა არ იგრძნონ თავი საფრთხის ქვეშ. ჩვენ ყოველთვის მივმართავდით და კვლავ მივმართავთ ძალისხმევას, ნერვებს და ფინანსებს ამ მიმართულებით. ჩვენ დავეხმარებით ეკონომიკის და ფინანსების თვალსაზრისით იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა კარასინმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან გადაცემასთან ინტერვიუში 25 ნოემბერს.

„საქმე არ ეხება არანაირ ანექსიას. ეს აბსოლუტურად გამჭირვალე დოკუმენტია, რომელიც ეხება ურთიერთქმედების გაფართოებას პრაქტიკულად ყველა სფეროში, რათა გაძლიერდეს საერთო უსაფრთხოების სივრცე“, – განაცხადა კარასინმა.

„ეს გამოგონილი თეზისი, რომ ანექსიის, შთანთქმის და ექსპანსიის რაღაც გეგმები არსებობს – ეს ყველაფერი იმ ხალხს ეხება, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მსგავს პროგრამებს ამუშავებენ“, – განაცხადა კარასინმა.   

„როგორც ჩანს, საქართველო არაკომფორტულად გრძნობს თავს, პირველ ყოვლისა, იმ დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, როდესაც მან საკუთარი ტერიტორიის ერთი მეხუთედი დაკარგა [2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად]“, – განაცხადა მან.

„რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ურთიერქმედება დავამყაროთ ისეთ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. ამგვარი ძალისხმევა მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარასინი–აბაშიძის ფორმატთან დაკავშირებით.

ბოლო შეხვედრა ორ დიპლომატს შორის 16 ოქტომბერს გაიმართა; საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გააუქმოს ეს ფორმატი რუსეთთან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და სოხუმმა ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მართალია მომდევნო შეხვედრის თარიღი უცნობია, მაგრამ საქართველოს ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ ისინი დიალოგის გაგრძელებას ემხრობიან.  

მსგავსი/Related

Back to top button