ახალი ამბები

„თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად გმობენ მოსკოვი-სოხუმის ახალ ხელშეკრულებას

ოპოზიციაში გადასული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად გმობს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ახალ ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი და საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ე.წ. ხელშეკრულება არის გზავნილი საქართველოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელის შეშლას, აგრეთვე, მცდელობას, არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გაასაჯაროვა.

მან ხელისუფლებას ჯერ კიდევ მთავრობაში ყოფნის დროს საგარეო უწყების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც გულისხმობს უმაღლეს დონეზე რეაგირებას ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე, მათ შორის პარტნიორ ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირდაპირი კონტაქტების გზით; ასევე გაეროს უშიშროების საბჭოზე, ეუთოს მუდმივ საბჭოსა და დეკემბრის მინისტერიალზე, ასევე ევროკავშირში საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას და ამ საკითხის შეფასებას; ასევე ჟენევის დისკუსიების პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნას და საქართველოს პარლამენტის გააქტიურებას, რათა პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა შესაბამისის რეზოლუციებით ადეკვატურად შეაფასონ ეს ფაქტი.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის“, – ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების იმ ნაწილში, რომელიც ე.წ. აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატს ეხება.

მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც თბილისი რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ“ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურად დგას; ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ხელშეკრულება ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა რუსეთის მიმართ კოალიცია ქართული ოცნების „დაყვავების“ პოლიტიკის გამო, რამაც, მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დააკნინა. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაძეა, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება იყო მოსკოვის რეაქცია თბილისის გაუთავებელ ლაპარაკზე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შესახებ და ქვეყანამ ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს „ილუზორულ ნატოს წევრობასა“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შორის.

 

მსგავსი/Related

Back to top button