ახალი ამბები

პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა, რომელსაც პირდაპირი დაშვება აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე, შექმნიდან ექვსი თვის თავზე, 19 ნოემბერს პირველი შეკრება გამართა, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

დახურულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის წევრებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს საიდუმლო სახელმწოფო შესყიდვის ე.წ. „კაბელების საქმეზე“, რომლის გამოც სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელია 28 ოქტომბრიდან დაკავებული 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რასაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები უარყოფენ, ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს. 

ნდობის ჯგუფმა ასევე მოუსმინა გენერალური აუდიტორს ლაშა თორდიას, რომლის უწყებამაც  თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალები მას შემდეგ მიაწოდა ჯგუფს, რაც შესაბამისი თხოვნით მას გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მიმართა.

ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მისი უწყება თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ზაფხულიდან ამოწმებს 2011, 2012 და 2013 წლების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სულ ორი საკითხია, რომელიც ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, საიდანაც ერთი აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, „შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, ხოლო მეორე თემასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები ფინანსური ხარვეზების თაობაზე.

თორდიას თქმით, არცერთი ეს საქმე არ უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და ასევე ჯარისკაცების მოწამვლის საქმეს – ორივე ეს საქმე თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.

ნდობის ჯგუფის შეხვედრა დაწყებიდან მალევე პროტესტის ნიშნად დატოვა მისმა წევრმა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ. მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება ჯგუფის მუშაობის პრინციპს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებით, რაც პროკურატურამ კონკრეტული გამოძიებები დაიწყო უწყების წინააღმდეგ. იმავდროულად მან გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია „ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების“ შესრულებაში დაადანაშაულა.
 
„ის ჩემი მეგობარი აღარ არის, ვინაიდან მან გადაწყვიტა, რომ თანამდებობის შენარჩუნება ღირს ყველა პრინციპების დათმობის ხარჯზე“, – განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს ლაშა თორდიას შესახებ, რომელიც 2012 წლის ივლისში გენერალურ აუდიტორად დანიშვნამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო.

„ამ შემთხვევაში მე რატომღაც ვარ აღქმული ოცნების მხარეს, ოცნების პარტიის მხრიდან აღქმული ვარ ნაციონალების მხარეს… ნამდვილად არ მსიამოვნებს მსგავსი ტიპის შეფასებები, თუმცა მომავალი გვიჩვენებს ვასრულებ თუ არა ვინმეს დაკვეთას და იქნება თუ არა სხვა სამინისტროებში რაიმე ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით ის პრინციპი, რომ ვინმეს ხელი დავაფარო“, – განაცხადა თორდიამ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.

ნდობის ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ მისმა თავმჯდომარემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს საკითხთან ერთად დღის წესრიგში იყო შსს-სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსურ საქმიანობის განხილვაც.

ნდობის ჯგუფის შეხვედრას არ დასწრებია ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი, რომლის ფრაქციაც გასულ კვირას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანდა. მანამდე ის ნდობის ჯგუფში იმ კვოტით იყო წარმოდგენილი, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს ეკუთვნით.

ოქრიაშვილის, თარგამაძის და სესიაშვილის გარდა ნდობის ჯგუფის  5-წევრიან შემადგენლობაში ასევე შედიან საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით მისი ლიდერი დავით საგანელიძე და მაჟორიტარების კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგური.

დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია, როგორც უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი ჯგუფი, მოითხოვს ნდობის ჯგუფში თავისი წევრის შეყვანას. მან ასევე განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მას შემდეგ ემსჯელა, რაც მისი განახლება მოხდებოდა.

ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის რანგში ირაკლი ალასანიამ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გასაჯაროებული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა, რასაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. ამის შემდეგ, ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს ქართული ოცნების მმართველი კოალიცია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ალასანიამ, რომლის თქმითაც, აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს შემოწმება მისი თხოვნის საფუძველზე დაიწყო, გაიმეორა, რომ ყველა საქმის ერთდროულად წამოწევას და „ერთიან შემოტევას“ აქვს „პოლიტიკური სარჩული“, რომელიც მისი ოპოზიციური ძალის „პოლიტიკური იმიჯის დაზიანებას“ ისახავს მიზნად.  

ირაკლი ალასანია, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიებების ობიექტურად წარმართვაშია დაინტერესებული, უკვე დიდი ხანია მოუწოდებს, რომ გრიფი საიდუმლო მოეხსნას ე.წ. „კაბელების საქმეს“, რათა პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს. ამ საქმეში ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ საქმის მასალების სრულყოფილი გაცნობის საშუალება არ ეძლევათ იმის გამო, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.

19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საიდუმლო გრიფის მოხსნის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალები მიაწოდა თავდაცვის სამინისტროს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელთაგან „შესაბამისი დასკვნის მიღების შემთხვევაში საქმის მასალებს მოეხსნებათ საიდუმლო გრიფი“. მანამდე კი პროკურატურის თქმით, ადვოკატებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში შეეძლებათ გაეცნონ საქმის მასალებს და გააკეთონ ამონაწერები იმ შეზღუდვით, რომ „მათ არ მიეცემათ საშუალება ეს მასალები გაიტანონ სამუშაო ოთახიდან და მოახდინონ ასლების გადაღება, ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით“.

„მათ [დაცვის მხარეს] არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით. მსგავსი ქმედებებით ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ უფლებადარღვეულებად, რაც როგორც ჩანს არის მათი არჩეული ტაქტიკა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტაქტიკა, რომელიც მიმართულია პროკურატურის დისკრედიტაციისკენ, პირველ რიგში აზიანებს ბრალდებულის ინტერესებს, ვინაიდან ადვოკატები არ ზრუნავენ ბრალდებულების რეალურ დაცვაზე, რის გამოც ისინი მოკლებულები არიან საკუთარი დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ საიდუმლო შესყიდვების საქმის ნაწილობრივ გასაჯაროება მოხდეს.

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის თანახმად, ჯგუფს საიდუმლო გრიფის მოხსნით მოთხოვნით იმ შემთხვევაში აქვს პრემიერ-მინისტრისთვის წერილობით მიმართვის უფლება, „თუ ნდობის ჯგუფი წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო ან მისი ხელმძღვანელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button