ახალი ამბები

ბურჯანაძე ნატოს შესახებ მთავრობის ‘რიტორიკას’ აკრიტიკებს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება იყო მოსკოვის რეაქცია თბილისის გაუთავებელ ლაპარაკზე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შესახებ და ქვეყანამ ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს „ილუზორულ ნატოს წევრობასა“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შორის.

ბურჯანაძემ, რომლის კოალიციამაც ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე 10%–ზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის „პირდაპირ იმეორებს“ ნაციონალური მოძრაობის პოზიციას რუსეთის და ნატოს შესახებ.

18 ნოემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან და ვთვლით, რომ ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს“.

„თუმცა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს, რომ საქართველოსთვის უმთავრესი არის და უნდა იყოს არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული და სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც 2001–2008 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, „ამისათვის აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად გააკეთოს გამიჯვნა ევროკავშირსა და ნატოს წევრობას შორის“.

„თუ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას ვერ შევძლებთ, ქვეყანა ვერ იქნება ვერც დემოკრატიული, ვერც ძლიერი და ვერც ეკონომიკურად ვერ დადგება ფეხზე“, – განაცხადა მან.

მან პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილიც გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც მან 17 ნოემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა უკრაინის შესახებ.

„ბატონი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელება, არის პირდაპირი გამეორება იმისა, რასაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი და პრაქტიკულად სააკაშვილის ქმედებების გათეთრება, იმ ქმედებების, რომლებმაც 2008 წლის კატასტროფა მოიტანა“, – განაცხადა მან.

„ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ნიშნავს რუსეთთან დიალოგზე უარის თქმას. ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან დიდი ხნით დახურა თავისთვის ნებისმიერი მოლაპარაკებების შესაძლებლობა რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას ნამდვილად არანაირად არ წაადგება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„დღეს საქართველოს ხელისუფლება ეჯიბრება ნაციონალურ მოძრაობას იმაში, რომ კიდევ უფრო მაღლა აწიოს ევრო–ატლანტიკური დროშა და კიდევ უფრო მეტი მკვეთრი შეფასებები მისცეს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ადეკვატური შეფასებებია საჭირო და ისეთი შეფასებები, რომლებიც ჩვენ არ დაგვიხურავს [რუსეთთან] მოლაპარაკებების შესაძლებლობას“, – განაცხადა მან.

„მე გავაფრთხილე საქართველოს ხელისუფლება, რომ მუდმივი ძახილი ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში განლაგებასთან დაკავშირებით აუცილებლად გამოიწვევდა მწვავე რეაგირებას რუსეთის მხრიდან და ეს რეაგირება იყო სწორედ ხელშეკრულების შეთავაზება აფხაზეთისთვის. დღეს, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ელაპარაკებოდეს რუსეთის ხელისუფლებას, ელაპარაკებოდეს აფხაზებს და ოსებს, ჩვენ პატარა ბავშვებივით ჩავდივართ ბრიუსელში და შევჩივლებთ იქ მომუშავე უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ ხელშეკრულებების ავკარგიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების „რიტორიკა“ ნატოს შესახებ და ზოგადად „გზა, რომელიც ამ ხელისუფლებამ აირჩია, სამწუხაროდ, ვერ მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს“.

„ეს ვერც ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს, რაც აბსოლუტურად ილუზორულია, და ვერც დიდად ევროკავშირთან ურთიერთობებში ვერ დაგვაწინაურებს“, – განაცხადა მან. 

„დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას უნდა უთხრას სიმართლე და უნდა უთხრას, რომ ეს არის არჩევანი – ან საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში, ან კიდევ ახალი პოლიტიკა, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სუვერენიტეტზე, დასავლეთთან მეგობრობაზე უარის თქმას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„მაშინ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვამბობთ თუ არა ჩვენ ილუზორული ნატოს წევრობის საფასურად აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების შანსზე უარს“, – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button