ახალი ამბები

უსუფაშვილმა თავისუფალი დემოკრატების ყრილობას მიმართა: ‘ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად’

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომლის რესპუბლიკური პარტიაც კოალიცია ქართულ ოცნებაში რჩება, განაცხადა თბილისში 8 ნოემბერს "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე, რომ ორი პარტია „პარტნიორებად“ რჩება მაშინაც კი, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს მმართველი კოალიცია.

თავის გამოსვლაში უსუფაშვილმა, რომელიც ყრილობაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო რესპუბლიკური პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, მადლობა გადაუხადა თავისუფალ დემოკრატებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ „ქვეყნის თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებაში  და მის ჭეშმარიტ ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციაში“ შეიტანეს.

„ამ პროცესში ჩვენ ვიყავით ერთად  და მე ამისთვის თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა მოგახსენოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელი წევრი იყო, კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული. ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა მის რეაქციას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ გამოძიებებსა და მისი თანამშრომლების დაკავების თაობაზე.  ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ალასანიამ ამ დაკავებებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო „შეტევა საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“. ამჟამად კოალიციაში ხუთი პარტია რჩება: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და რომლის თავმჯდომარეც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია; რესპუბლიკური პარტია; ეროვნული ფორუმი; კონსერვატორები და მრეწველები.  

„ჩვენ მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ყველა შესაძლო ტიპის სპეკულაციებს. მე მინდა, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა სულ რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენ [რესპუბლიკური პარტია] ვრჩებით კოალიციაში. ჩვენი ამოცანაა კოალიციის შიგნით საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, მეტი ეფექტურობა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის და ჩვენი პარლამენტის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი [თავისუფალი დემოკრატების] ამოცანაც ესაა; თქვენც გინდათ, რომ ის ხელისუფლება, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო თავისუფალმა დემოკრატებმა, იყოს წარმატებული; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ჩვენი პარტია, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, კონსერვატორული პარტია, ქართული ოცნება, მრეწველები წარმატებული; ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ ამ ამოცანასთან წარმატებით გამკლავებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკაში ზოგჯერ შესაძლოა „ძალიან სასურველი, არცთუ სასურველი და ძალიან არასასურველი“ რამ მოხდეს და პოლიტიკოსის მოვალეობაა, რომ ყველაზე სწორი გზით გაიაროს ეს პროცესები.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში სრულიად მსოფლიო და საქართველოს მოქალაქეები დარწმუნდებიან, რომ ის არჩევანი, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არ არის არჩევანი პარტიის სასარგებლოდ; ეს არის თქვენი ხედვა სახელმწიფოს სასარგებლოდ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეს განცხადება სრულიად განსხვავდებოდა იმ შეფასებებისგან, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, როდესაც მოუწოდა თავისუფალი დემოკრატების წევრებს, გარდა ალასანიასი, რომ არ დაეტოვებინათ მმართველი კოალიცია და არ გაეკეთებინათ არჩევანი სახელმწიფოს და პიროვნებას შორის. 

თავის გამოსვლაში უსუფაშვილმა ასევე განაცხადა: „მე მოხარული ვარ, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მიწევს მუშაობა იმ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილნი არიან თავისუფალი დემოკრატები“.

„ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ საქმის საკეთებლად, რის გამოც ჩვენ ერთად დავდექით ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კოალიცია ქართულ ოცნებაში, ჩვენ პარლამენტში ისეთივე შემართებით და წარმატებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მე მგონი, ეს გარანტირებულია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დავკარგოთ ხოლმე ერთმანეთი მაშინვე, როგორც კი ჩვენი აზრები არ დაემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ჩვენ უნდა ასეთ დროს განსაკუთრებული სიბრძნე გამოვიჩინოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხატია სამშობლო და სამშობლოს საკეთილდღეოდ უნდა მოვახერხოთ ყველა იმ ემოციური თუ სხვა საკითხების მოგვარება და დავუქვემდებაროთ ყველაფერი საღ აზრს და საღ გონებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება თავისუფალი დემოკრატების ცხოვრება, რესპუბლიკური პარტიის ცხოვრება, კოალიცია ქართული ოცნების ცხოვრება და საქართველოს პარლამენტში ჩვენი ურთიერთობა“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი კონკურენტები იქნებიან თუ პარტნიორები რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თუმცა დასძინა, რომ საერთო ღირებულებების გამო ორი პარტია ნაყოფიერად ითანამშრომლებს ქვეყნის სასიკეთოდ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button