
ღარიბაშვილი ალასანიას შესახებ: „ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური“
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებული "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ასეთი მოღალატის“ წასვლა კოალიცია ქართული ოცნებიდან უკეთესიცაა.
მთავრობის სხდომაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ხალხი ძალიან ბევრ სიურპრიზს ნახავს“ ალასანიას შესახებ.
„ეს იქნება შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უწოდა რა თავდაცვის ყოფილ მინისტრს „ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური“, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაადეკვატური და აბსურდული“ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე შეტევა მიმდინარებს, არის „დამაზიანებელი“ ქვეყნისთვის და წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის სტილის სიცრუეს“.
„ის, რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის პირადად 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ღალატი, ეს არის ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა და მას ეს არაერთხელ გაუკეთებია და ამას ძალიან კარგად დაინახავს ჩვენი მოსახლეობა და ძალიან ბევრ სიურპრიზს ნახავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ბიზნესი „შეშფოთდა და შეწუხდა“ მიმდინარე მოვლენებით, მაგრამ „რა თქმა უნდა, არაფერი არ ხდება და არც არაფერი არ მოხდება“, რამაც შესაძლოა სტაბილურობა შეარყიოს.
„ალასანიას მსგავსი ავანტიურების არ გვეშინია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავისუფალი დემოკრატებიდან ალასანიას მოკავშირეებზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა: „ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები. მე მათ გულწრფელობაში ვარ დარწმუნებული; სამწუხაროდ ისინიც არიან მოტყუებულები და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ დიდ შეცდომას სჩადიან ისინიც, ვინაიდან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ჩადენილ შეცდომასთან“.
„მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა მტკიცედ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო; ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი მთავრობა და ჩვენი სიძლიერე გამოხატულია სწორედ ჩვენს დემოკრატიულობაში; ჩვენი ინსტიტუტები მუშაობენ ეფექტურად, გამართულად და ჩვენ არავითარი წინააღმდეგობა არ შეგვექმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში. არ არსებობს არავითარი კრიზისის საფრთხე. ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტიანად მუშაობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მეორეს მხრივ, ცუდიც არ არის – რაც უფრო მალე მოხდებოდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდად, მით უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა მან.
„მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ეს აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას მოვახერხებთ. ჩვენ ვართ მობილიზებული, ვართ ერთ მუშტად შეკრული და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ცხოვრება აბსოლუტურად უემოციოდ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„არც არაფერი არ ხდება რეალურად – ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამით ცუდიც არაფერი არ მომხდარა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ალასანია „ღიად ლობირებდა“ ნაციონალურ მოძრაობას.
„ასე რომ, ჩემში ყველა კითხვაა ამოხსნილი. იგივე მისი განცხადება ორი დღის წინ, რომ ის აპირებს ყველასთან ითანამშრომლოს, ყველა ‘პრო–ევროპულ ძალებთან’, მათ შორის ნაციონალებთან, ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც ალასანიას მიერ 4 ნოემბერს „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა, თუმცა 5 ნოემბერს ალასანიამ გამორიცხა მისი პარტიის ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკური ალიანსის რაიმე შესაძლებლობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)