აშშ ‘შეშფოთებით აღნიშნავს’ ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „შეშფოთებით“ აღნიშნა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და მისი მოადგილეების თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე, რასაც მოყვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა.
„ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებაში.
„რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და რომ საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)