ახალი ამბები

პრემიერი-მინისტრი: ‘ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევა არის გამორიცხული’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლება "განუხრელად" ადგას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს, საიდანაც გადახვევა "არის გამორიცხული".

მისი თქმით, მთავრობის აწ უკვე ყოფილი წევრების – თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლია ალასანიას, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე არსებობს, არის „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს“.

„მე მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ვინაიდან ვუყურებ, რომ ძალიან დამახინჯებული, შეგნებულად დამახინჯებული გზით მიყავთ, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს აღნიშნული პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს და ეს კურსი არის ურყევი და ამ კურსიდან გადახვევა არის გამორიცხული. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ურყევი ნება“, – განაცხადა პრემიერმა.

„ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ევროპული ორიენტაცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ხალხის არჩევანით სპეკულირება არის ყოვლად გაუმართლებელი და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა“.

„2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ნდობის მანდატი მისცა კოალიცია ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას და სწორედ ჩვენ მიერ გაცხადებული კურსის და ღირებულებების გამო მათ ეს ნდობის მანდატი კიდევ ორჯერ  [2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე]  დაამტკიცეს. ეს არცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის და პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო და ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ეს ნდობა საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა მან. 

„აქვე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასეთი გაუაზრებელი, სრულიად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება, პირველ რიგში, ჩვენ სახელმწიფოს და მის  ევროპულ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას და ამას ხაზგასმით ვაცხადებ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ განცხადებებს, ასეთ უპასუხისმგებლო, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები, თავისუფალი დემოკრატების წევრები და არჩევანს აკეთებენ პიროვნებას და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც დილით განაცხადა, რომ მას სურს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.

მან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებზე განაცხადა, რომ მისი „პოლიტიკური სარჩულით შეფერხება არის ყოვლად დაუშვებელი“.  ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეს გამოძიებები აშკარად პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და მიმართულია მის წინააღმდეგ.

„ჩვენი სახელმწიფო არ მისცემს არავის, არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ ადამიანს, რომ ობიექტურად დაწყებული გამოძიება წარიმართოს დამახინჯებულად და მოხდეს მისი პოლიტიზირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ამ ვითარებაში პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები  და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა მან.

„დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ის იყო 20 წლის წინ, 10 წლის წინ და თუნდაც 2 წლის წინ. დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტების მუშაობენ გამართულად და ეფექტურად და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

თავისი განცხადების ბოლოს მან მოუწოდა  „ყველას, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის უსაფრთხოებასთან, მათ ევროპულ არჩევანთან და მათ პერსპექტივასთან“.

ღარიბაშვილმა ეს განცხადება ერთი საათით ადრე გააკეთა კოალიცია ქართული ოცნების ოფისში დაგეგმილ შეკრებამდე, რომელიც დღეს 5 საათზე იგეგმება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button