skip to content
ახალი ამბები

რუსულმა ‘აეროფლოტმა’ საქართველოში ფრენები აღადგინა

რუსულმა ავიაკომპანიამ „აეროფლოტმა“ 27 ოქტომბერს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები აღადგინა.

„აეროფლოტი“ შერემეტიევოს აეროპორტიდან ყოველდღე განახორციელებს ფრენებს Airbus A320–ით.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტის ბოლოს აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2010 წლის ზაფხულიდან „საქართველოს ავიახაზებმა“ და რუსულმა "სიბირმა" ფრენების განხორციელება დაიწყეს, რასაც ფორმალურად „ჩარტერული“ ფრენები ეწოდებოდა, თუმცა ფაქტიურად რეგულარულ საფუძველზე ხორციელდებოდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ იტყობინებოდა სექტემბერში, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა. ამავე ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარული რეისების განხორციელებაზე ნებართვა შემდეგმა შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ მიიღო: „აეროფლოტი“, „ვიმ-ავია“, „გლობუსი“, „სიბირი“, „ტრანსაერო“, "ურალის ავიახაზები" და "იუტეირი".

რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი მოლაპარაკებათა იმ ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან წარმოებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის.

მსგავსი/Related

Back to top button