ქალების გახშირებული მკვლელობების შემდეგ, მთავრობამ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო პოლიტიკაზე მუშაობა გაააქტიურა
21 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა, სადაც ქალების წინააღმდეგ ძალადობა გააპროტესტეს. მომიტინგეები ქვაბებზე და ტაფებზე კოვზებს ურტყამდნენ და ხელისუფლებას ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებნენ. ფოტო: ინტერპრესნიუსი.
მეუღლეების მიერ ბოლო დროს ქალების გახშირებულმა მკვლელობებმა საქართველოში ოჯახში ძალადობის პრობლემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია, მთავრობამ კი პირობა დადო, რომ ამ პრობლემის მოგვარებას პრიორიტეტულად აქცევს.
მიმდინარე წელს 20–ზე მეტი ქალი იქნა მოკლული და ამ ფონზე ოჯახში ძალადობა პერიოდულად ექცეოდა მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა მკვლელობისა და თვითმკვლელობის შემთხვევამ, რომელიც გასულ კვირას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, არა მხოლოდ უფლებადამცველები, არამედ უფრო ფართო საზოგადოებაც აიძულა, რომ განგაშის ზარები შემოეკრათ. ამ შემთხვევამ ძალადობის მსხვერპლთა მიმართ პოლიციის რეაგირების პრობლემებიც გამოავლინა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის 33 წლის ლექტორს მაკა წივწივაძეს ლექციის შეწყვეტა მოუხდა მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს მასთან მისი ყოფილი მეუღლე მივიდა და გარეთ გაიყვანა; აუდიტორიიდან გაყვანის შემდეგ წივწივაძეს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა იარაღიდან და შემდეგ თავი მოიკლა. მაკა წივწივაძე რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ გურჯაანში 68 წლის ქალბატონს თავისმა 73 წლის მეუღლემ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
19 ოქტომბერს პოლიცია იქნა გამოძახებული საბურთალოზე, სადაც ოჯახში ძალადობას ჰქონდა ადგილი. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ოჯახში ძალადობაში დამნაშავე მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ–ერთი მათგანი დაჭრა. შსს–ს ინფორმაციით, თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა მას შემდეგ, რაც სხვა პოლიციელმა საპასუხო გასროლა განახორციელა.
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 21 ოქტომბერს, რომ ის მიესალმება „საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას ოჯახში ძალადობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღსრულება წარმოადგენს“.
„საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს“, – განაცხადა ნანუაშვილმა, „სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცავთა რეაგირება გაფრთხილების ხელწერილით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისგან დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმები ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირს რამდენიმე ხელწერილი ქონდა დაწერილი, თუმცა ძალადობა მაინც გრძელდებოდა“.
სწორედ ასე მოხდა მაკა წივწივაძის შემთხვევაშიც; ინციდენტამდე მან პოლიციას შეატყობინა, რომ მისი ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, რომელიც პოლიციამ ორჯერ გააფრთხილა.
ქალთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი ხელწერილები ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა ანალოგიურ სიტუაციებში, რადგანაც პოლიცია ერიდება შემაკავებელი ორდერის გაცემას – ამ მექანიზმს კანონი ითვალისწინებს და დამნაშავის მიერ მისი დარღვევა ადმინისტრაციული სანქციით ისჯება. თუმცა, იმისათვის, რომ ეს სანქცია დააკისროს, სამართალდამცავმა სტრუქტურამ სასამართლოს უნდა მიმართოს, რადგანაც შემაკავებელი ორდერის გაცემას მოსამართლის სანქცია სჭირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა „გაფრთხილების“ მიცემის პრაქტიკის არაეფექტურობა. როგორც შსს–ს წარმომადგენელმა 21 ოქტომბერს განაცხადა, პოლიციელებს დაევალათ, რომ მთლიანად „აღმოფხვრან“ ეს პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები.
შსს–ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაკა ფერაძემ, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიას თავმჯდომარეობს სამინისტროში, განაცხადა 21 ოქტომბერს, რომ გაძლიერდება შიდა კონტროლი, რათა შემოწმდეს, თუ რა რეაგირებას ახდენს პოლიცია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, მათ შორის კონკრეტულად შესწავლილი იქნება წივწივაძის საქმე.
პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა სამშაბათს, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც „ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს“. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან 22 ოქტომბერს შეიკრიბება. ამავე ინფორმაციით, ჯგუფის მუშაობაში „მომდევნო ეტაპზე“ ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა „ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე“, რომლის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება.
„ეს იქნება პირველადი სამუშაო დოკუმენტი , რომლის განხილვაში ჩაერთვებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი რეკომენდაციები საბოლოო დოკუმენტში აისახება“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი 22 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სხდომას გეგმავს, რომელშიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შსს–ს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
წულუკიანმა განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ ასეთი საქმეების გამოძიებაში „ხარვეზები“ არსებობს. კერძოდ, მან ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც 2014 წლის მაისში ქალბატონი ყოფილმა ქმარმა მოკლა, მოძალადე კი სხეულის სერიოზული დაზიანებების მიყენების მუხლით გაასამართლეს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოყვა, ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის მკვლელობის მუხლისა; იმავე ინციდენტის დროს მსხვერპლის ძმა დამნაშავემ მძიმედ დაჭრა.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის ვიცე–სპიკერს, მანანა კობახიძეს, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მოწვევა სთხოვა, რათა ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით პოლიციის რეაგირებაზე მოუსმინონ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 20 ოქტომბერს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა და ოჯახში ძალადობის პრობლემა განიხილა.
„ჩვენ შევხვდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერებს იმ ტრაგედიებთან დაკავშირებით, რომლებიც სამწუხაროდ უკვე ჩამოყალიბდა ტენდენციად ჩვენ საზოგადოებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ. „გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, უფრო გრძელვადიანი. იყო ასეთი იდეაც, რომელსაც მე მხარი დავუჭირე, რომ 2015 წელი გამოცხადდეს ქალის წლად, როდესაც ამ ძალიან მძიმე პრობლემას ჩვენ დავუპირისპირდებით ერთობლივად. ერთი მხრივ, მე ჩემს რიტორიკაში, სადაც შევძლებ, ყოველთვის ხაზს გავუსვამ ამ პრობლემას; მე ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ თავის ქადაგებებში ყველა სარწმუნოება გააქტიურებს ამ საკითხს“.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ „მარტო სახელმწიფო ამას ვერ დაძლევს“.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა მაკა წივწივაძის მკვლელობასთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა „გვახსენებს, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ მას ვერ უგულვებელყოფთ. ეს ის პრობლემაა, რომელიც ბევრ რთულ გამოწვევას ქმნის მსოფლიოს მასშტაბით“.
მან შეაქო საქართველო 2014 წლის ივნისში ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის გამო.
„მივესალმები საქართველოს ძალისხმევას შეუერთდეს ჩვენი იმ სხვა 15 წევრი სახელმწიფოს რიგებს, რომელთაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ კონვენცია მალე წარედგინება პარლამენტს რატიფიკაციისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)