ახალი ამბები

პარლამენტი თავის განცხადებაში გმობს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობას

პარლამენტმა 17 ოქტომბერს 80 ხმით მიიღო ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული განცხადება, რომლითაც „გმობს“ რუსეთის „მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“ საქართველოს  ამ „ძირძველ“ რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ დაგეგმილი ხელშეკრულების შედეგად.

რუსეთის მიერ ინიცირებული ამ შეთანხმების პროექტის თანახმად, მისი „ხელმოწერა საწყისს დაუდებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევათა ახალ ტალღას, დამატებით საფრთხეს  შეუქმნის რეგიონალურ სტაბილურობას, მნიშვნელოვნად ავნებს საქართველო-რუსეთის  ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში, რომელიც კოლეგებს ქართული ოცნების დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ წარუდგინა.

„საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა 2013 წლის 7 მარტის საქართველო საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ რეზოლუციას, გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“ და „მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო წესრიგისა და სამართლის ნორმების დასაცავად ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით“.

„მიმდინარე  საერთაშორისო მასშტაბის კონფლიქტების ესკალაციის ტენდენციის ფონზე დაძაბულობის ახალ კერათა წარმოშობის პრევენციის, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევათა საშიშროების თავიდან აცილების აუცილებლობიდან გამომდინარე მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად იქცეს რუსეთისა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა პროცესში და აგრეთვე, საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პარლამენტი „დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია  უზრუნველყოფს აფხაზი ხალხის კანონიერი ინტერესების სრულფასოვან დაცვას და განვითარების პერსპექტივას“.

განცხადება ადასტურებს, რომ  საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ეყრდნობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპს.

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ეფუძნება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეროვნული ინტერესების დაცვა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

პარლამენტი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ „რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  2008 წლის ხელშეკრულებას; განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ეწინააღმდეგება ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრას“, ასევე „აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას“. 

ამ განცხადების პარალელურად პარლამენტმა ასევე განიხილა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული 5-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თაობაზე“, რომელიც კენჭისყრაზე 23 ხმით 17 წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.

ნაციონალური მოძრაობის პროექტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა რუსეთთან  მიმართებაში „დღემდე წარმოებულ კონტრპროდუქტიული პოლიტიკის გადახედვისკენ და "აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის" გაუქმებისკენ; ასევე რუსეთთან წარმოებული „წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის“ შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე საუბრის შეწყვეტისკენ; საქართველო დეოკუპაციის საკითხის უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან საერთაშორისო დღის წესრიგში დაკავშირებისკენ; და რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მხარდაჭერისკენ.

„თქვენი რეზოლუცია იყო დღეს ქვეყნის წინაშე წაყენებული შანტაჟი, რომელსაც ზუსტად იცოდით, რომ ჩვენ ხმას არ მივცემდით“, – განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან თინა ხიდაშელმა დებატების დროს და აღნიშნა, რომ პუტინის დამპყრობლური პოლიტიკის ფონზე „ერთადერთი ინსტრუმენტი და იარაღი, რომელიც ჩვენს ხელშია ის კი არ არის როგორ ხმამაღლა ვილაპარაკებთ ვინმეს შეურაცხმყოფელს, არამედ ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ხელიხელჩაკიდებული უნისონში ვმოქმედებდეთ და არცერთ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დგამდეს… იმისგან განსხვავებულს, რაშიც ჩვენი პარტნიორების თანადგომის იმედი არ გვექნება“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მისი კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც მათი თქმით, შედეგი არ მოაქვს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის დეაქტუალიზაციას ახდენს საერთაშორისო არენაზე. 

„შემტევობა ამ ურთიერთობებში, არ დათმობა -ეს არის სწორი გზა, ეს არის სწორი პოლიტიკა“, – განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან, „დღეს თუ არ მოვუწოდეთ ჩვენ მთავრობას, რომ ნაბიჯები გადადგას, ხვალ გვიან იქნება ხვალ იქნება ფაქტი, რომ საქართველოს დაქუცმაცების კიდევ ერთი ტალღა განხორციელდა ისე, რომ ჩვენ გასუსულები ვიყავით“. 

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა სწორ და  პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს რუსეთის მიმართ, რომელიც „არ არის ის პარტნიორი, რომელთანაც თბილი ურთიერთობა გაგვაჩნია და ტაშით და ზარ-ზეიმით მიდის სიტუაცია, როგორც გინდათ რომ დახატოთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button