ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი რუსეთის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების შესახებ

სეპარატისტული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების პროექტის, კერძოდ კი მის სამხედრო კომპონენტის კომენტირებისას აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ „ცოტა რთულია იმაზე მეტი ინტეგრაციის წარმოდგენა, ვიდრე უკვე არსებობს“.

„რეალურად აფხაზური შეიარაღებული ძალები არ არსებობს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის უფრო მეტ კითხვებს აღძრავს, ვიდრე პასუხებს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ქუთაისში 15 ოქტომბერს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია იყო და არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა, „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშირისო დისკუსიებს, რომლის ბოლო რაუნდიც ჟენევაში გასულ კვირას გაიმართა და რომლის მიზანიცაა ამ საკითხის ისე მოგვარება, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები და მშვიდობიანი იქნება. გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი 15 ოქტომბერს აშშ–ის ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად მათ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებაზეც იმსჯელეს. 

„ამ მხრივ აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის ესკალაცია და ხელი შეეწყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც იმავე დღეს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში დაგმო რუსეთის მიერ ინიცირებული ხელშეკრულების პროექტი, როგორც „აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი“.

მსგავსი/Related

Back to top button