skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს კრემლის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტს

რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების „ნორმალიზებისკენ“ მიმართულ ძალისხმევას საფრთხე შეექმნება, თუ ხელი მოეწერება კრემლის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ახალი ხელშეკრულებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს.

სამინისტრომ დაგმო ხელშეკრულების პროექტი, როგორც „აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი“ და განაცხადა, რომ მისი რეალიზაცია „მნიშვნელოვნად დააზიანებს“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას“.

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს უკავშირდება, ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ რუსეთს ნდობის აღდგენის მიზნით ახალი ორმხრივი დიალოგის ფორმატი შესთავაზა. ამ პოლიტიკის რეალიზაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენი აზრით, ეს პროცესი ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“, – განაცხადა სამინისტრომ, რომელსაც მხედველობაში ის ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აწარმოებენ. ამ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პრაღაში მიმდინარე კვირას არის  დაგეგმილი.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, მნიშვნელოვნად დააზიანებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„მიუღებელია ე.წ. ხელშეკრულების პროექტის პრეამბულაში ორი ქვეყნის ხალხის სახელით საუბარი, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად, გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილზე დარჩენილი აფხაზეთის მოსახლეობის თვითმყოფადობასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა სამინისტრომ.

მსგავსი/Related

Back to top button