skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი ბათუმს ეწვევა



ამერიკული ხომალდის Mount Whitney–ის 2011 წლის იანვრის ფოტო (LCC/JCC 20). DVIDS–ის ფოტო.

აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი Mount Whitney  14–18 ოქტომბერს ბათუმის პორტს ეწვევა.
 
„Mount Whitney-ის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის ძალისხმევას ნატოს მეკავშირეებთან და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, აგრეთვე საერთო მიზნის მისაღწევად შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში 13 ოქტომბერს, „საქართველოში ყოფნისას Mount Whitney სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს, უმასპინძლებს გემის ტურებს, გამართავს საჯარო კონცერტს და უმასპინძლებს მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად. Mount Whitney-ის ვიზიტი აშშ-ის სამხედო ფლოტის ხომალდების ადრე განხორციელებული ვიზიტების გაგრძელებაა და ემსახურება პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას აშშ-ის, მის მეკავშირეებსა და რეგიონულ პარტნიორებს შორის“. 
 
ეს Mount Whitney-ის მესამე სტუმრობა იქნება საქართველოში. 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთ–საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირაში მან ფოთის პორტში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა; მაშინ რუსულ სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ ეკავათ ორი ბლოკპოსტი ფოთის მისადგომებთან.  ბოლოს კი Mount Whitney-ი საქართველოს 2013 წლის ნოემბერში სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button