ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენს ქვეყანაში’

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ კოალიცია ქართულ ოცნებას „ურთულესი მემკვიდრეობა“ ერგო და გარდამავალი ეტაპის ორი „ურთულესი“ წელი გამოიარა, რომლის დროსაც შეიძლება „ყველაფერი იდეალურად“ არ ხდებოდა, მაგრამ ქვეყანა განვითარების სწორ გზას დაადგა, რომელსაც „ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობისადმი  მიმართვაში.

„დღეს თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას და ჩვენ ვაშენებთ ისეთ დემოკრატიული ინსტიტუტებს, რომელთა შერყევას ვერავინ ვერ შეძლებს მრავალი წლის განმავლობაში და ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელში ცხოვრებაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება საამაყო“, – განაცხადა მან 1 ოქტომბერს თავის სატელევიზიო გამოსვლაში.

მისი თქმით, ქართული ოცნება ორი წლის წინ არჩევნებში „ძალიან დიდ გამარჯვებას“ ვერ მიაღწევდა, რომ არა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და „ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პოლიტიკური ერთობის, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია  და პროცესების არჩევნებამდე მშვიდობიანად მიყვანა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის დამარცხება“.

„სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალი დემოკრატია ასე ძნელად მოვიპოვეთ, ამ მონაპოვარს დამერწმუნეთ, რომ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება“, – აღნიშნა მან. 

„ჩვენ გავიარეთ ორი ურთულესი წელი და ჩვენ დაგვჭირდა სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობის და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“. 

„ჩვენ ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას დაწყებული ჯანდაცვით და განათლებით, მეწარმეობის წახალისებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვირდებით და სამართლიანობის დამკვიდრებით ქვეყანაში", – განაგრძო მან, "დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე, არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია“.

მან სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს ამ „ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან რთულ პერიოდში“ ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა „გავაძლიეროთ ჩვენი წინსვლა“ 

„წინ ძალიან ბევრი მუშაობა გველის, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა, რათა ჩვენი ხალხისთვის შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში.

ორ წელიწადში, რომელმაც, მისი თქმით,  „ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო“, მმართველი კოალიციის შიგნით იყო „კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა“ და „ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია“.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ არ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ისე იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. და სწორედ ამიტომ ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს და განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება „მტკიცედ ადგას“ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ევროპული და ევროატლანტიკურ მიმართულებით. 

„ამის დასტური არის ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა“, – განაცხადა მან.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის მშვიდობიანად ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო“, – აღნიშნა პრემიერმა თავის გამოსვლაში.  

მსგავსი/Related

Back to top button