ახალი ამბები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პარლამენტს ერთხელ უკვე დაწუნებული კანდიდატები ხელმეორედ წარუდგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე განმეორებით წარუდგინა ის კანდიდატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ ერთხელ უკვე ჩააგდო.

პარლამენტმა 1 აგვისტოს მხარი არ დაუჭირა ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას, რასაც მაშინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „აბსოლუტურად გაუგებარი“ გადაწყვეტილება უწოდა.

იმისათვის, რომ 24 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად 10 წლით იქნენ არჩეულნი, მათ სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. 1 აგვისტოს გამართული კენჭისყრისას ბაქაქურმა 29, ხოლო ძლიერიშვილმა 27 ხმა დააგროვა.

დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ გაიმართება კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ხელმეორედ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობა პრეზიდენტს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენის მხოლოდ ორ შესაძლებლობას აძლევს.

მსგავსი/Related

Back to top button