ახალი ამბები

ვიცე–სპიკერი მურმან დუმბაძე ქართული ოცნებიდან ‘გარიცხეს’

ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ, ექვსი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის უმსხვილესმა პარტიამ, განაცხადა, რომ პარლამენტის ვიცე–სპიკერი  მურმან დუმბაძე თავისი რიგებიდან „გარიცხა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საქმეებში „ჩარევის“ გამო.

შედეგად, ქართულ ოცნებას ახლა 83 წევრი ეყოლება 150–წევრიან პარლამენტში.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეა, განაცხადა კვირას პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეხვედრის შემდეგ, რომ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის მცდელობა, რომ „საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ასევე აჭარის მთავრობა, დასრულდა უშედეგოდ“.  ღარიბაშვილმა დუმბაძე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ „დესტრუქციულ მოქმედებებშიც“ დაადანაშაულა.

ამ განცხადებას წინ უძღოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია ქართული ოცნების წევრების ერთი ნაწილის მცდელობა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის თაობაზე.

ამ ძალისხმევის უკან აჭარის უმაღლესი საბჭოს შვიდწევრიანი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დგას, რომელსაც ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა პარტიის ხელმძღვანელობამ თბილისში. ქართული ოცნების უმრავლესობის დანარჩენმა წევრებმა 21–წევრიან უმაღლეს საბჭოში, რომლებიც კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს წარმოადგენენ, ასევე არ დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტის პროცედურის წარმოწყებას.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამი წევრი „გააფრთხილა“ პარტიასთან „შეუთანხმებელი განცხადებების გამო“. მან ასევე განაცხადა, რომ პარტია „დეტალურად“ შეისწავლის ყველა იმ პრეტენზიას, რომელსაც ფრაქციის წევრები არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ გამოთქვამენ.

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და მის მცდელობას ხაბაძის იმპიჩმენტის თაობაზე დეპუტატი მურმან დუმბაძე უჭერს მხარს.

თბილისში 14 სექტემბერს პარტიის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დუმბაძემ განაცხადა, რომ ის კი არ გარიცხეს, არამედ მან თავად დატოვა პარტია მას შემდეგ, რაც მისმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წამოწყებისთვის დაეჭირა მხარი.

15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დუმბაძემ განაცხადა, რომ მისი „კონფლიქტი“ ქართულ ოცნებასთან ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროიდან იწყება და უკავშირდება აჭარაში „აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობის გეგმებს.

„მე მას ვუთხარი, რომ აზიზიეს მეჩეთი ბათუმში ვერ და არ აშენდება. ნახევარი წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ მელაპარაკებოდა იმიტომ, რომ აზიზიეს მეჩეთზე ჩვენ ვერ შევთანხმდით… ეს არ არის ჩემთვის მარტო პოლიტიკურ საკითხი, ეს რეგიონალური საკითხია“, – განაცხადა დუმბაძემ.

სწორედ აზიზიეს მეჩეთის შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზატორობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მურმან დუმბაძე 2011 წლის მარტში რესპუბლიკურმა პარტიამ თავის რიგებიდან გარიცხა.  

მსგავსი/Related

Back to top button