ახალი ამბები

ჰეიგელი ‘კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობების’ პირობას დებს

  • განხილულ იქნა საქართველოს თხოვნა Blackhawk–ის ტიპის სამხედრო შვეულმფრენების შეძენის თაობაზე;
  • ასევე განხილულ იქნა საქართველოს შესაძლო როლი აშშ–ის კოალიციაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ;
  • ჰეიგელი: ნატოს სამიტის შედეგები საქართველოსთვის „მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“;
  • ჰეიგელი: ‘რუსეთის ქმედებები აქ და უკრაინაში გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს’;
  • ნატო–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუტინის სახიფათო ქმედებების ფონზე’;
  • პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებებმა აშშ და მისი მეგობრები, მათ შორის საქართველო, კიდევ უფრო დააახლოვა.



საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია (მარცხნივ) და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჰაკ ჰეიგელი (მარჯვნივ) თავდაცვის სამინისტროში გამართულ დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე, 7 სექტემბერი, თბილისი. ფოტო: ინტერპრესიუსი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა კვირას თბილისში, რომ თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი ალასანიასთან მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა „საერთო მიზანი, რომ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს სამხედრო ურთიერთობები, კერძოდ კი უკრაინაში რუსეთის აშკარა აგრესიის ფონზე“.

ჰეიგელმა, რომელიც თბილისში ნატოს უელსის სამიტის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა, განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ განავითარონ საქართველოს მზარდი თანამშრომლობა ნატოსთან უელსის სამიტის გადაწყვეტილებების ჭრილში, ასევე საქართველოს შესაძლო როლზე აშშ–ის კოალიციაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე უკრაინაში არსებული სიტუაციის კონტექსტში და აშშ–ის ძალისხმევაზე გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.

ჰეიგელი, რომელიც აშშ–ის პირველი თავდაცვის მდივანია, რომელიც 2003 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოს ესტუმრა, თბილისში შაბათს საღამოს ჩამოვიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჰეიგელმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, ხოლო შემდეგ ალასანიასთან ერთად კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები ბოლო ათწლეულზე მეტია ქართველ სამხედროებს წვრთნიან.

კვირას აშშ–ის თავდაცვის მდივანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

‘ნატოს სამიტის შედეგები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა’

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჰეიგელმა შეაქო საქართველო, როგორც „ერთგული და საიმედი პარტნიორი“ და პირობა დადო, რომ აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს „მიმდინარე ძალისხმევას თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციის კუთხით“, ასევე მის სწრაფვას, გახდეს ნატოს წევრი.

მისი თქმით, ნატოს უელსის სამიტმა „მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა საქართველოს ძალისხმევაში“, რომ გახდეს ალიანსის წევრი. სამიტზე ნატომ ღონისძიებათა პაკეტი მიიღო, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ერთობლივ ტრეინინგებს, წვრთნებს, გაძლიერებულ სამეკავშირეო და თავსებადობის  შესაძლებლობებს. ეს ზომები, ალიანსის თქმით, მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებას ნატოში წევრობისთვის სამზადისში.

„მინისტრმა [ალასანიამ] და მე განვიხილეთ, როგორ წავიწიოთ წინ ყველა ამ ძალისხმევით  საქართველოსთან იმ არსებითი პაკეტის გამოყენების გზით, რომელიც ნატოს ლიდერებმა უელსის სამიტზე ახლახანს მიიღეს“, – განაცხადა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა. 

მისი თქმით, საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის არის, რომლებმაც მიიღეს „ახალი, გაზრდილი სტატუსი“ და „ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი“, რომელიც მათთვის გაზრდილ შესაძლებლობებს გულისხმობს; დანარჩენი ოთხი ქვეყანაა ავსტრალია, ფინეთი, იორდანია და შვედეთი.

ნატოსთან „განსაკუთრებული პარტნიორობა“, განაცხადა ჰეიგელმა, საქართველოს „ახალ ვარიანტებს, ახალ მასშტაბებს, ახალ შესაძლებლობებს“ აძლევს. 

„ნატოში საქართველოს საბოლოო წევრობა არის ის, რისი ერთგულიც ვართ და ამის მიღწევის პროცესი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საქართველომ სამიტის შედეგები უნდა დაინახოს, როგორც მათი მნიშვნელოვანი გამარჯვება და მათი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაძლიერება“, – განაცხადა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა.

ამერიკული სამხედრო შვეულმფრენების შეძენაზე საქართველოს თხოვნა

ჰეიგელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს „არსებითი წვლილი“ შეიტანოს იმ პაკეტში, რომელიც ნატოს ლიდერებმა უელსში მიიღეს და ამავდროულად, აშშ ასევე განაგრძობს საქართველოსთან შესაძლებლობების გაზრდის ორმხრივ ძალისხმევას.

პენტაგონის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად Sikorsky Blackhawk–ის ტიპის შვეულმფრენების შეძენის თაობაზე თბილისიც სურვილიც განიხილეს.

„მინისტრმა [ალასანიამ] და მე განვიხილეთ ყველა ის საჭირო ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას იმ ამერიკული სამხედრო შვეულმფრენების შესაძენად, რომელთაც ისინი ითხოვენ“, – განაცხადა ჰეიგელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ იმსჯელეს როგორც „ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე“, ისე საქართველოს თხოვნის სხვა დეტალებზე. მისი თქმით, აშშ „მუდმივად ფოკუსირებულია იმაზე, თუ მეტი რისი გაკეთება შეგვიძლია“  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. „ჩვენ მეტს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჰეიგელმა.

საქართველო და აშშ–ის კოალიცია ისლამური სახელწიფოს წინააღმდეგ

ჰეიგელმა, რომელიც თბილისიდან თურქეთში გაემგზავრა, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს შესაძლო როლი აშშ–ის კოალიციაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„მინისტრს და მე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა პოტენციურ გზებზე, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კოალიციის პარტნიორებთან ამ თანამშრომლობაში ISIL–ის [ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს] საფრთხის გასანადგურებლად“, – განაცხადა ჰეიგელმა.

კითხვაზე, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის მინისტრმა ალასანიამ განაცხადა, რომ როგორც „ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და სანდო მოკავშირე, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ამ ბარბაროსების ამოძირკვისთვის“.

„ჩვენ განვავითარეთ ინსტიტუციური მშენებლობის გამოცდილება, რაც შესაძლოა ერაყელებს თავიანთი შეიარაღებული ძალების თავმოყრაში დაეხმაროს. წვრთნები, სწავლებები – ეს ისაა, რაც ჩვენ აზრად მოგვდის, მაგრამ როგორც მდივანმა [ჰეიგელმა] ჩვენი საუბრების დროს აღნიშნა, ვფიქრობ, საქართველო შეძლებს დახმარებას იმაში, რის მიღწევასაც ისინი [კოალიცია] ცდილობენ“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი კვლავ გაგრძელდება.

‘პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებები გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს’

აშშ–ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედებების ფონზე“.

„რუსეთის ქმედებები აქ [საქართველოში] და უკრაინაში გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან“, – განაცხადა ჰეიგელმა, „პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა აშშ და მისი მეგობრები ევროპაში, მათ შორის საქართველო, კიდევ უფრო დააახლოვა“.

მან მოუწოდა რუსეთს მთლიანად გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან   და მიესალმა იმ „თავშეკავებას, რომელიც საქართველომ გამოიჩინა“.

უკრაინაზე საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაგმო „რუსეთის აგრესია“ და ყირიმის ანექსია.

„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ, ქართველებმა, ბოლო 20 წლის მანძილზე გადავიტანეთ, განსაკუთრებით 2008 წლის აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. კიდევ უფრო მტკივნეულია ჩვენთვის იმის დანახვა, რომ მსოფლიომ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიული საქციელის შეკავება [საქართველოს შემთხვევაში] და ახლა შედეგებს ვიმკით“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ნატოს გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის თაობაზე „სწორი ნაბიჯია“.

„რა თქმა უნდა, კონფრონტაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და ვიმედოვნებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა [უკრაინაში] ძალაში იქნება, მაგრამ ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს საქართველოში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ნდობასთან დაკავშირებით; ასე რომ, უმჯობესია გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის მოვემზადოთ“, – განაცხადა ალასანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button