ახალი ამბები

საქართველო სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს ახორციელებს



ფოტო ვიდეოდან, რომელიც ასახავს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრას მისი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან თურქეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს 2014 წლის 30 აგვისტოს. მის ფონზე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მოჩანს.  

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერპოლის წითელ ცირკულარში მოსახვედრად მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა შაბათს.

სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზე იძებნება გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებით, რასაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

ინტერპოლი წითელი ცირკულარით მის წევრ ქვეყნებს მხოლოდ იმას ატყობინებს, რომ პიროვნებაზე გამოცხადებულია ძებნა და ძებნის გამომცხადებელმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს აღნიშული პიროვნების დაკავება და ექსტრადიცია; მაგრამ ინტერპოლს არ გააჩნია უფლებამოსილება მოთხოვოს წევრ ქვეყნებს, რომ წითელი ცირკულარის საფუძველზე მოახდინოს აღნიშნული პიროვნების დაპატიმრება.

იმავდროულად, შაბათს ყოფილი პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და დეპუტატებს შეხვდა თურქეთში, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უშუალო სიახლოვეს და „ახალი აქტიურობისკენ“ მოუწოდა, რომელიც „მრავალპარტიულ“, „საერთო ქართულ ინტერესებს“ დაეფუძნება, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს უკუსვლა. მოიშველია რა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული რიგები, სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება არასწორი მენეჯმენტის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო იმ პროგრესის გაგრძელება, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს იქნა მიღწეული.

„მე ნამდვილად არ მამოძრავებს არანაირი პოლიტიკური ამბიცია“, – განაცხადა მან, „ახლა არის დრო, როცა უნდა დავდგეთ ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ყოველგვარ პირად ინტერესებზე მაღლა. მე არცერთი თანამდებობა საქართველოში არ მიზიდავს, ყველა თანამდებობა უკვე მქონდა და არანაირი პირადი მოტივაცია, მაგრამ არის დრო, როცა ის ხალხი, ვინც სახელმწიფო აპარატშია – აბსოლუტური უმეტესობა წესიერი,  იმ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: ან ეგუება ამ გაუარესებას ან უნდა წავიდეს ცალკე და რაღაცა თავის საქმიანობას მიყოს ხელი, თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს. მათ შორის მთავრობაში იმ ხალხი, ვისაც შეიძლება არ მოწონდეს ქვეყნის მთავარი გზიდან აცდენა,  ისინი უნდა გავიდნენ ცალკე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია უახლოეს კვირებში და თვეებში“.

„უნდა ჩვენ შევძლოთ ახალი პოლიტიკური ჯგუფების გაჩენა, ახალი აქტიურობის გაჩენა, ახალი ინიციატივების გაჩენა – ეს არ არის ერთ პარტიაზე დაფუძნებული, ეს უნდა იყოს მრავალჯგუფიანი, მრავალპარტიული, მრავალ ინტერესებზე დაფუძნებული, საერთო ქართულ ინტერესებზე დაფუძნებული რაღაც ერთობლივი ქმედებები იმისათვის, რომ  არ დავუშვათ გაუარესება და საქართველოს უკან წასვლა“, – განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე, რომელსაც სხვებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გიორგი ვაშაძე, გოკა გაბაშვილი, სერგო რატიანი, ზურაბ მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button