ახალი ამბები

მთავრობამ ზუგდიდის რაიონში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო

მთავრობამ  ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს,41.2 მლნ ლარის ღირებულების მრავალპროფილიანი მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი 25 აგვისტოს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამ საბიუჯეტო პროექტის განმახორციელებელია, 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დასრულება 30 თვეში იგეგმება. სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ასევე მოიცავს სამედიცინო სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის, ასევე სასტუმროს, სპორტული მოედნების და სკვერების მოწყობას, სამინისტროს თქმით, 600-მდე ადამიანი დასაქმდება. 

„ამ პროექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ის სერიოზულად გააუმჯობესებს როგორც სამეგრელოში, ისე მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ერთმანეთთან დაგვაკავშირებს ენგურის ორივე მხარეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საავადმყოფოს საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„აქ, ამ საავადმყოფოში მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის ეკუთვნის.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარში ღარიბაშვილმა ასევე ახსენა სოფელ რუხში დაგეგმილი მეორე მსხვილი პროექტი – მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, რომელიც „ჩვენს აფხაზ ძმებსაც“ მოემსახურება. 

მსგავსი/Related

Back to top button