ახალი ამბები

დამეწყრილ დარიალის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს



დარიალის ხეობაში დაზიანებული გზა, 22 აგვისტო. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის აღდგენას, რომელიც 20 აგვისტოს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სიახლოვეს დააზიანა, სულ ცოტა ორი კვირა მაინც დასჭირდება, განაცხადეს მთავრობის წამომადგენლებმა პარასკევს.

ორი ადამიანი – საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ, გაუჩინარდა. ოფიციალური პირების განცხადებით,  რუსეთის მხარეს ნაპოვნი იქნა მდინარე თერგის მიერ გარიყული ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ სტიქიის ზონაში მოყოლილი თურქი მოქალაქეა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საბაჟო გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურას.



ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, 22 აგვისტო. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ხადურმა დარიალის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა საბაჟომ ფუნქციონირება იმ დროისთვის დაიწყოს, როცა საგზაო მოძრაობის აღდგენა მოხერხდება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების მოსანახულებლად 22 აგვისტოს სომხეთში დასრულებული ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჩავიდა, განაცხადა, რომ დაზიანებული გაზსადენი, რომლითაც სომხეთი საქართველოს გავლით რუსული გაზით მარაგდება, შაბათს აღდგება.

მან ასევე განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით ჩანს, რომ ზარალი მხოლოდ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების კუთხით დაახლოებით 3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 



მძიმე ტექნიკა დამეწყრილ ტერიტორიას წმენდს დარიალის ხეობაში, 22 აგვისტო. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა ფანჩულიძემ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთია დაზიანებული, რაც ორჯერ აღემატება იმავე ტერიტორიაზე 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერით დაზიანებულ გზის მონაკვეთს.

მისი თქმით,  ორ დღეში შესაძლებელი იქნება მომხდარის სრულად შეფასება და თქმა იმისა, თუ როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა. 



დარიალის ხეობა, 22 აგვისტო. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა, რომ გზის აღდგენას, რომლის ნაწილიც უკვე გაწმენდილია მეწყრული მასისგან, სულ ცოტა ორი კვირა მაინც დასჭირდება.

17 მაისის მეწყერის შემდეგ თითქმის ერთი თვე დასჭირდა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საავტომობილო მოძრაობის აღდგენას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button