ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ერთმანეთს საყვედურობენ



პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს ართმევენ ერთმანეთს 18 ივლისს პარლამენტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 აგვისტოს ერთმანეთს უსაყვედურეს, რაც, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ნიშანია მათ შორის არსებული არცთუ მარტივი ურთიერთობებისა. 

მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა განაცხადა 15 აგვისტოს, რომ პრეზიდენტს საჭიროზე მეტი დრო დასჭირდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე დოკუმენტებისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოსახსნელად, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მას სენსიტიურ საკითხებზე ფიქრი იმდენ ხანს შეუძლია, რამდენის საშუალებასაც კანონი აძლევს და მის დაჩქარებას ვერ შეძლებს ვერავინ, ვისაც შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნია.
 
მარგველაშვილმა პროცედურების პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დადგენილი წესების და პროცედურების უპატივცემულობა სწორედ ის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მას წინა ხელისუფლება არ მოსწონდა.
 
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ მოხდა დავა პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა 15 აგვისტოს თბილისში: „მე არ ვიცი. ჯობია პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი საიდუმლოს მოხსნას, ეს ძალიან მარტივი პროცედურაა“.

„მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და არ დასჭირდებოდა ამდენი დრო“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა: „საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის კანონით დაგეგმილ ვადაში 5 წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ დააჩქარო ეს გადაწყვეტილება“.

„ცხრა წლის განმავლობაში მე სწორედ ის არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ მათ არ იცოდნენ, სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა“, – უთხრა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ბაკურიანში, სადაც მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტებთან დისკუსიაში თემაზე – ფრიდრიხ ნიცშეს „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“. 

„საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორი და ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„იმედია, დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა“, – განაცახდა მან.   

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილს არ გაუცია პასუხი, თუ რატომ დაჭირდა მას ერთი თვე იმისთვის, რომ სააკაშვილის ხარჯებისთვის  გრიფი საიდუმლო მოეხსნა. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბარი ამ შემთხვევაში „უადგილოა.“
 
„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა [დოკუმენტებისთვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის ვადებთან დაკავშირებით] სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, და სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა", – განაცხადა ნინო კობახიძემ.

"პრეზიდენტი არ მიიჩნევდა მართებულად გრიფის მოხსნას. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი იყო წერილი და დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე, გრიფის მინიჭება მოხდა უკანონოდ. ვფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა", – დასძინა კობახიძემ.

ცნობები პრეზიდენტსა და კოალიცია ქართულ ოცნებას შორის არსებული უთანხმოების შესახებ პირველად გასული წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში გაჩნდა; მოსაზრება არსებულ უთანხმოებაზე კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მარტში საჯაროდ გააკრიტიკა მარგველაშვილი.
 
ივნისში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უთანხმოება მოხდა იმაზე, თუ რომელი მათგანი მოაწერდა ხელს შეთანხმებას. აგვისტოს დასაწყისში ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ორი კანდიდატურა ჩააგდო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა დასწრებოდა პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button