ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში’

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო ოთხი თვის მანძილზე უკვე მეორედ იყო დაბარებული მოწმის სახით დასაკითხად, პროკურატურაში არ გამოცხადდა.   

„ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად“, – ნათქვამია ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ თავის Facebook–ის გვერდზე 28 ივლისს გავრცელებულ  განცხადებაში. „როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს – რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს“. 

პროკურატურის მიერ 27 ივლისს გაცემული უწყების თანახმად, სააკაშვილი, რომელმაც საქართველო მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა ნოემბერში, პროკურატურაში 28 ივლისს 11 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

„2 წლის განმავლობაში მთავრობა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული უმრავლესობა მთელ ძალისხმევას, არა ქვეყნის განვითარებასა და შენებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოპონენტების დევნას ახმარდნენ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს წინსვლის მიზნით წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

„მათ, ისედაც არასრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, მთლიანად პოლიტიკური დევნის იარაღად აქციეს. მათი ერთადერთი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. თუმცა, ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას, ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს ექს–პრეზიდენტი. 

სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებება უკანონოა, რადგანაც სააკაშვილს არ განემარტა, თუ რა საკითხზე იქნა გამოძახებული.

„უნდა დასრულდეს ეს რაღაც ფარისევლობა, რომ სამხილები აქვთ, მაგრამ იძახებენ მოწმის სტატუსით. მოწმის სტატუსით პოტენციურ ბრალდებულებს არ იძახებენ,“ – განაცახდა კახიძემ.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 27 ივლისს სააკაშვილის პროკურატურაში გამოძახების საკითხზე კომენტირებისას, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.

„პროკურატურა თავის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, პროფესიონალურად და მე ვიტყოდი, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ კანონის წინაშე ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 28 ივლისს. „ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი“.

სააკაშვილი პირველად დაკითხვაზე მოწმის სახით მთელ რიგ საქმეებზე 2014 წლის მარტში დაიბარეს. თუმცა, მან უარი თქვა საქართველოში ჩამოსვლასა და პროკურატურაში გამოცხადებაზე; შემდეგ პროკურატურამ მას სკაიპის მეშვეობით შესთავაზა დაკითხვა, თუმცა ექს–პრეზიდენტმა ამაზეც უარი განაცხადა.

სააკაშვილმა განაცხადა მაშინ, რომ ის მოწმის სახით სკაიპით მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა ჩვენებას სასამართლოს და არა პროკურატურას, თუ რომელიმე იმ საქმეზე, რომელთა დაკავშირებითაც პროკურორებს მისი დაკითხვა სურდათ, სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. მაშინ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button