ახალი ამბები

უსუფაშვილი ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებისკენ მოუწოდებს წინა ხელისუფლებასთან შედარების ნაცვლად

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წარსულის ნაცვლად თანაგუნდელებს „წინ გახედვისკენ“ და იმ სტანდარტის გაზიარებისკენ მოუწოდა, რომ მთავრობის საქმიანობის შედარება გაკეთდეს არა განვლილ ცხრა წელთან, როცა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო, არამედ ევროპასთან, რომლისკენაც „ჩვენ ნაბიჯები გადავდგით“.

„ალბათ ასე უნდა დავიწყო გამოსვლა –  პუტინი მტერია, პუტინი მტერია, პუტინი მტერია, მოგესალმებით მეგობრებო", – განაცხადა უსუფაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ სახელით 26 ივლისს საპარლამენტო ტრიბუნიდან თავის გამოსვლაში.

ეს იყო მისი გამოხმაურება ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატის გამოსვლაზე, რომლებიც მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვისა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თხოვდნენ დაეფიქსირებინა პოზიცია თვლის თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი „მტერია“. ღარიბაშვილმა, სხვა მრავალი შეკითხვის მსგავსად, ამ კითხვასაც იგნორირება გაუკეთა.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ მთავრობის დამტკიცება „მნიშვნელოვანი დღეა“, ბუნებრივია, რომ „ემოციებიც ჭარბობს“.

„მე თან წამოვიღე სამი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია, მთავრობის პროგრამა „ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული საქართველოსთვის“ და ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვუყარეთ კენჭი. მე მგონი, რომ დღეისათვის მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს სამი დოკუმენტი და მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდეთ, შევჯერდეთ ამ სამი დოკუმენტის ტექსტის, გეგმის საფუძველზე როგორ გავაგრძელოთ ჩვენ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყნის მართვა და დაახლოებით, ორ წელიწადში, როდესაც კვლავ წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე, როგორ ვუპატაკოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ წინ წავიყვანეთ ქვეყანა და შევასრულეთ ის, რაც ამ დოკუმენტებში წერია და ისე, როგორც ეს დოკუმენტები გვავალებს – ესაა მნიშვნელოვანი, ესაა ძირითადი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც სამივე დოკუმენტი ხელთ ჰქონდა ტრიბუნასთან.

„რა არ არის ძირითადი? დროის კარგვა, დროის ხარჯვა, ნერვების ხარჯვა იმაზე, რაც ამ დარბაზში ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მოგვისმენია უკვე შესაძლოა 20-ჯერ, 30-ჯერ, 50-ჯერ. ვისმენდით იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთის კოლონიად იმიტომ, რომ ეს ასე არის ჩაფიქრებული და ა.შ.“,  – განაგრძო მან საპარლამენტო დებატების შინაარსზე ყურადღების გამახვილებით, "ბევრჯერ მომისმენია, დღესაც გაისმა აქ ის ფრაზები, რომ ნერვები ეშლება ხალხს, რომ რატომ ლაპარაკობს ეს ხალხი [ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები] ამდენს“.

„მე იმაზე მეშლება ნერვები, თუ როგორ გეშლებათ ნერვები, თუ რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი [ოპონენტები ნაციონალური მოძრაობიდან]. არ შეიძლება, რომ მოვრჩეთ ეს ამბავი და მივხედოთ საქმეს? და ის საქმე მერე თავად დაგვანახებს ყველაფერს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების საქმემ რაც დაანახა ქართველ ხალხს, განვლილი სამი არჩევნების 2012 წლის  ოქტომბრის საპარლამენტო, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2014 წლის ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებში აისახა „ისე კი არა ცხელ გულზე, არამედ კარგი შუალედებით", რათა ამომრჩეველი "კარგად დაფიქრებულიყო“ თავის გადაწყვეტილებაზე. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ კოალიციამ ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არჩევნების მოგებით „დემოკრატიისთვის ცოტა არ იყოს შეუფერებელი შედეგი“ აჩვენა „იმდენად დიდია მხარდაჭერა“, თან იმ პირობებში, რომ კოალიცია ქართული ოცნება „არჩევნებზე გავიდა სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე – მისი სახის და სახელის გარეშე“, რაც, მისი თქმით, იყო „რეალური გამოცდა“

„ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხი გაცემულია. ახლა დარჩა ერთადერთი რამ – საქმის კეთება და ამ საქმეს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ, თუ სტანდარტად დავტოვებთ ნაციონალური მოძრაობის 9 წელიწადს. და თუ ჩვენ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს იმიტომ შევაქებთ, რომ ის ძველ შინაგან საქმეთა მინისტრზე უკეთესია და ეს იქნება სტანდარტი, რა თქმა უნდა, ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.   

„დღეს ფრაქცია რესპუბლიკელები, მე პირადად ნდობას ვუცხადებ მთავრობას და ვეუბნები, რომ დღევანდლიდან ჩვენთვის სამოქმედო სტანდარტი და შედარება, თუ რას ვედრებით, არის არა წარსული, არამედ დღევანდელი ევროპა, ის ევროპა, რომლისკენაც ჩვენ ნაბიჯები გადავდგით“, – მიმართა მან თანაგუნდელებს.

„წარსული მივანდოთ იმ ხალხს, ვინც არის წარსულის სპეციალისტი  – ისტორიკოსები, პროკურორები, ექსპერტები და ა.შ.; მომავალი უნდა ვანდოთ იმ ხალხს, ვინც ამისთვის არის დაქირავებული – მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა. ამიტომ, წინ გავიხედოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩემპიონთა ლიგაში თამაში, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება დავდეთ ევროპასთან, შესაბამისი სტანდარტით ვივარჯიშოთ და ვიშრომოთ“, – განაგრძო მან და დასძინა, რომ თუ ოპოზიციას „გავეჯიბრებით, საქართველოს ჩემპიონატიდანაც გავვარდებით ანუ მომავალ არჩევნებში ვერაფერსაც ვეღარ მივიღებთ“. 

„ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამაზე უმრავლესობა და მთავრობა, რომ არ უნდა დავკარგოთ ამდენი დრო ოპონენტებთან იმ ტიპის ოპონირებაში, რომელიც სრულიად უსაგნოა და ერთადერთ რამეს ემსახურება – მათ პოლიტიკურ ტივტივს“, – განაცხადა მან, თუმცა იქვე ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ღირებული მოსაზრებები  „ყურადღებით უნდა შევისწავლოთ“.

„მაგრამ ამის იმედზე ხომ არ ვიქნებით“, – განაგრძო მან და საპარლამენტო უმრავლესობასაც მოუწოდა სტანდარტის ამაღლებისკენ მთავრობაზე კონტროლის მეტი ინტენსივობით განხორციელების გზით. 

„იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული სწორად და კარგად საქმის წაყვანაში და არა ვინმე სხვა და აქ პასუხისმგებლობაც უნდა გავიზიაროთ და შრომაც უნდა გავიზიაროთ“ მთავრობასთან, რომელთანაც „არც ძმობის“ და არც  „მტრობის რეჟიმში“ არ უნდა იყოს უმრავლესობა, განაცხადა უსუფაშვილმა. 

„უნდა ვიყოთ პარტნიორობის და ოპონირების რეჟიმში“, – განაგრძო მან, „ჩვენ ძალიან დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ დავეწიოთ იმ ევროპას, რომლის წევრობაც გვინდა“.

 

მსგავსი/Related

Back to top button