skip to content
ახალი ამბები

პრემიერმა ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელის გარდა, რომლის შერჩევის პროცესიც გრძელდება, მინისტრობის ყველა ის კანდიდატი წარადგინა, რომლებიც პოსტებს სამთავრობო ცვლილებების შედეგად დაიკავებენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გახდება, რომელსაც ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 30 წლის შავლიაშვილი მანამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ვიდრე 2012 წლიდან საჯარო სამსახურში დაიწყებდა მუშაობას, კერძო სექტორში სხვადასხვა კომპანიებს ხელმძღვანელობდა.

ის ამ თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილს შეცვლის, რომელიც ხათუნა გოგალაძისგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პორტფელს გადაიბარებს. ხოკრიშვილი მთავრობის წევრი აპრილიდან გახდა, მანამდე მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო ფონდს ხელმძღვანელობდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია, აწ უკვე მოხსნილი მინისტრის, შალვა ფიფიას პირველი მოადგილე  დაწინაურდება. აპრილიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადასვლამდე, დანელია 2013 წლიდან შსს-ში მუშაობდა საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და შემდეგ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად. 2011 წლიდან ის კომპანია „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი ბანკ რესპუბლიკაში მუშაობდა.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდება, რომელსაც დეკემბრიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა უკავია. მღებრიშვილი 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ ფინანსურ პოლიციასა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2012-13 წლებში ის საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

„ეს გახლავთ პრინციპული და თავისი საქმის კარგი მცოდნე ადამიანი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა  მღებრიშვილის შესახებ  „მას ვაბარებთ ძალიან რთულ სფეროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი ახალ ენერგიას შეიტანს სამინისტროში და გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომელიც დაიწყო ბატონმა სოზარმა“. 

მღებრიშვილი ამ თანამდებობაზე სოზარ სუბარს შეცვლის, რომელიც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩაიბარებს წინამორბედ დავით დარახველიძისგან. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სუბარს იმ „რთული მუშაობისთვის“, რასაც მან „ძალიან კარგად გაართვა თავი“ სასჯელაღსრულების სისტემის წელიწადის და რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობის პირობებში.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს გელა დუმბაძე დაიკავებს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრია 1998 წლიდან და კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა 2005-2007 წლებში. ის  საქართველოს საელჩოებში მუშაობდა აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და უზბეკეთში. დუმბაძე დიასპორის საკითხებში აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის მოადგილედ 2014 წლის ივნისში დაინიშნა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრის თანამდებობაზე.  პრემიერ-მინისტრის თქმით,  ამ „ერთ-ერთ საპასუხისმგებლო“ სამინისტროში „ჩვენ მინისტრს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ვარჩევთ“. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „რამდენიმე“ კანდიდატურაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, საიდანაც ერთ-ერთი მაქსიმუმ ოთხშაბათს დილით დასახელდება.

„ხვალვე გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს განახლებული მთავრობის შემადგენლობა, რათა  დაიწყოს შემდგომი პროცედურები“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები, რომელიც 20 სამინისტროდან 7-ს შეეხო, მთავრობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადებას საჭიროებს. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც პარლამენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს ნდობის გამოცხადების საკითხს, რასაც   სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button