ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელი და დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში 15 ივლისს თბილისში თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.

დეტალები უცნობია, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენელმა უთხრა Civil.ge-ს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

„ამ წუთში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მე ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარი სპეკულაციებისგან თავის შეიკავოს იმიტომ, რომ ყველა დაინტერესებულია ჭეშმარიტება დადგინდეს მიზეზებთან დაკავშირებით“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

49 წლის კიწმარიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში 2010-2011 წლებში, როგორც ამჟამად არააქტიური ქართული პარტიის თანადამფუძნებელი; ბოლოს ის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ, რომლის დროსაც ის რუსთავის მერად იყრიდა კენჭს. ის მშობლიურ ქალაქში მესამე ადგილზე გავიდა ხმების 12%–ით, ხოლო 12 ივლისის მეორე ტურამდე, კიდევ სამ ყოფილ კანდიდატთან ერთად, მხარდაჭერა გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატთან წააგო.

ბადრი ნანეტაშვილმა, ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელმა, განუცხადა ჟურნალისტებს კიწმარიშვილის სახლის წინ, რომ ის კიწმარიშვილს 15 ივლისს, დღის 2 საათზე ესაუბრა ტელეფონით. „ჩვეულებრივი ლაპარაკი ჰქონდა“, – განაცხადა მან.

კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე საუბრისას მისი მეგობრები, ყოფილი კოლეგები და ნაცნობები აცხადებენ, რომ ის ხშირად საუბრობდა თავის სამომავლო გეგმებზე, სულ ბოლოს კი საკაბელო ტელევიზიის დაარსებაზე ლაპარაკობდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ისინი ვერ იჯერებენ, რომ კიწმარიშვილს თავის მოკვლა შეეძლო.

კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე იყო. 1994 წელს მან "რუსთავი 2" დააფუძნა, ტელეკომპანია, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის მთავარი კერძო სატელევიზიო არხი გახდა; "რუსთავი 2"–მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 2004 წლამდე კიწმარიშვილი "რუსთავი 2"–ის აქციების მფლობელი იყო. ის, თუ როგორ მოხდა წილების გადანაწილება, მისი ყოფილი პარტნიორების მიერ დავის საგნად რჩება.       

ის სააკაშვილს ეხმარებოდა კამპანიის წარმართვაში 2008 წლის იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუმცა მასთან კავშირი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მაშინდელი პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულა, რომ მან აგვისტოს ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო.  

2010 წლის შემოდგომაზე მან რამდენიმე იმდროინდელ ოპოზიციურ ფიგურასთან ერთად ქართული პარტია დააფუძნა; მათ შორის იყო სოზარ სუბარი, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების მინისტრია; სუბარმა პარტია დატოვა და 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას შეუერთდა; როდესაც ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, მან კიწმარიშვილი „ფსევდო–ოპოზიციურ“ ფიგურებს შორის მოიხსენია და მათთან თანამშრომლობა გამორიცხა.

2009 წლიდან კიწმარიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ მართავდა, თუმცა 2011 წლის ბოლოს ის ტელეკომპანიის თანამფლობელებსა და თანამშრომლებს მწვავედ დაუპირისპირდა.

მსგავსი/Related

Back to top button