ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ ადგილობრივი არჩევნები დამაჯერებლად მოიგო

წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგეს იმ 21-ვე ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მერების და გამგებლების ასარჩევად 12 ივლისს მეორე ტურები გაიმართა.

დანარჩენ 46 მუნიციპალიტეტსა და 4 თვითმმართველ ქალაქში არჩევნების ბედი 15 ივნისს გამართულ პირველივე ტურში გადაწყდა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება. 

12 ივლისს 8 ქალაქში მერების და 13 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევნების მეორე ტურებში ქართული ოცნების კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად მმართველი კოალიცია ქვეყნის მასშტაბით ყველა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს გააკონტროლებს.

ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში  ასევე მოიგო ადგილების უმრავლესობა 15 ივნისს. 71 საკრებულოდან, ქართულ ოცნებას 66 საკრებულოში  ადგილების ნახევარზე მეტი აქვს. ის ხუთი საკრებულო, სადაც ქართულმა ოცნებამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა არის ქალაქ ოზურგეთის, ასევე ხონის, აბაშის, ჩხოროწყუს და ყვარლის (ქართულ ოცნებას ყვარლის საკრებულოში ადგილების ნახევარი აქვს) მუნიციპალიტეტების საკრებულოები.

ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მართალია 12 ივლისის მეორე ტურების დროს ტექნიკურ ხარვეზებს და პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ დარღვევებს არჩევნების საერთო შედეგზე არ უმოქმედია.

ამომრჩეველთა აქტივობამ მეორე ტურში 36% შეადგინა მაშინ, როდესაც პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 43.3% იყო.

მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები

თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა თავის კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას 45 პროცენტული პუნქტით მოუგო. ამ უკანასკნელმა პირველი ნაწილობრივი შედეგების გამოცხადების შემდეგ აღიარა დამარცხება.

თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული შედეგების თანახმად, ნარმანიამ ხმების 72.47%, ხოლო მელიამ 27.53% მიიღო.

8 ქალაქში ჩატარებული მერის არჩევნების მეორე ტურებიდან, ოზურგეთში ქართული ოცნების კანდიდატმა ყველაზე ნაკლები მაჩვენებლით გაიმარჯვა. ქართული ოცნების კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 17 პროცენტული პუნქტით მოუგო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, რომელმაც ხმების 41.1% მიიღო.

ბათუმში, სადაც ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მეორე ტურის დროს, ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ერმაკოვი ხმების 77.29%-ით ლიდერობს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი დიასამიძეს 22.71% აქვს.

რუსთავში ქართული ოცნების კანდიდატი დავით ჯიქია 64.77%-ით იგებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს 35.23% აქვს.

თელავში ქართული ოცნების კანდიდატი პლატონ კალმახელიძე გახდება მერი 70.61%-ით; ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა 29.39% მიიღო.

ფოთში ქართული ოცნების კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ 72.38% მიიღო, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა უშანგი გეგენავამ – 27.62%.

გორში ქართული ოცნების კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხმათა 62.23% დაგროვა, ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, კახაბერ ერგემლიძემ – 37.77%.

მცხეთაში ქართული ოცნების კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ 62.99% მიიღო, ხოლო მწვანეთა პარტიის კანდიდატმა დავით მაჩხანელმა 37.01%.

გამგებლების არჩევნების მეორე ტური

13 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევნების მეორე ტურებიდან ლანჩხუთში ქართული ოცნების კანდიდატი ყველაზე ნაკლები მაჩვენებლით ლიდერობს. ქართული ოცნების კანდიდატი ზაზა ურუშაძე 12 პროცენტული პუნქტით უგებს პატრიორთა ალიანსის კანდიდატს ბარნაბ ჭყონიას, რომელმაც ხმების 43.88% მიიღო.

დანარჩენ 12 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურების შედეგები ასე გამოიყურება:

  • ყვარელი – ილია მზექალაშვილი ქართული ოცნებიდან – 79.95%; ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობიდან – 20.05%; 
  • თელავი – ალექსანდრე შათირიშვილი ქართული ოცნებიდან – 70.93%; გიორგი ბოტკოველი ნაციონალური მოძრაობიდან – 29.07%;
  • თერჯოლა – თეიმურაზ ჯაფარიძე ქართული ოცნებიდან – 61.44%; ტარიელ ფანჩულიძე ნაციონალური მოძრაობიდან – 38.56%;
  • ხონი – ჯემალ მებუკე ქართული ოცნებიდან – 58.23%; ზურაბ ჯიბუხაია, ხონის ყოფილი გამგებელი, რომელიც თებერვლის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – 41.77%;
  • ქობულეთი – სულხან ევგენიძე ქართული ოცნებიდან; რევაზ ხარაზი ნაციონალური მოძრაობიდან – 23.67%;
  • თიანეთი – ლელა ქიტესაშვილი ქართული ოცნებიდან – 64.5%; ილია არჩემაშვილი ნინო ბურჯანაძის კოალიციიდან – 35.5%;
  • ახმეტა – ბექა ბაიდაური ქართული ოცნებიდან – 59.19%; ზურაბ ფილაშვილი ბურჯანაძის კოალიციიდან – 40.81%;
  • ტყიბული – რობინზონ გვენეტაძე ქართული ოცნებიდან – 68.81%; თენგიზ ჭიქაბერიძე ბურჯანაძის კოალიციიდან – 31.19%;
  • მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა ქართული ოცნებიდან – 88.64%; დავით ინჯია ბურჯანაძის კოალიციიდან – 11.36%;
  • ხულო – ბესიკ ბაუჩაძე ქართული ოცნებიდან – 57.64%; ემზარ ბოლქვაძე პატრიოტთა ალიანსიდან – 42.36%;
  • გორი – დავით ონიაშვილი ქართული ოცნებიდან – 66.95%; ბონდო ვათიაშვილი ქართული პარტიიდან – 33.05%; 
  • ბაღდათი – ირაკლი გეგეშიძე ქართული ოცნებიდან – 56.44%; მევლუდ კიკნაველიძე საქართველოს გზიდან – 43.56%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button