ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე ხმების დათვლა მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები დაიხურა და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყო იმ საუბნო კომისიებში, სადაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა 12 ივლისს.

წინასწარ მონაცემები, სავარაუდოდ, ღამის 12 საათისთვის გამოქვეყნდება, განაცხადა ცესკომ.

მეორე ტური 8 ქალაქის, მათ შორის თბილისის მერის და 13 მუნიციპალიტეტის გამგებლების ასარჩევად ჩატარდა. 

ცესკოს განცხადებით,  აქტივობის საბოლოო მონაცემმა 36% შეადგინა იმ 1 715 514 ამომრჩეველიდან, რომელთაც მეორე ტურში მონაწილეობა შეეძლო. ეს მაჩვენებელი 15 ივნისის არჩევნებზე 43.31%-ს შეადგენდა.

თბილისში აქტივობამ 34.3% შეადგინა, რაც პირველ ტურში დაფიქსირებული 37.3%-იან აქტივობაზე ოდნავ დაბალია.

„არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა და თავად საარჩევნო უბნებში არ ჰქონია არანაირ სერიოზულ ხარვეზებს ადგილი“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

საღამოს 8 საათზე საარჩევნო უნების დახურვისთანავე გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არჩევნების მეორე ტურის „წარმატებით“ და „მშვიდ ვითარებაში“ ჩატარებას, რომლის დროსაც „ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება“.

„მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გაიმარჯვა დღეს, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა“, – განაცხადა მან.

„ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას საქართველოში. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მის ხელმძღვანელობას, მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, ოლქების, უბნების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც თავდაუზოგავად იშრომა და მართლაც თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატარა საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რამდენიმე საათში უკვე გვექნება არჩევნების წინასწარი შედეგები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს მეორე ტურშიც. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ გამარჯვებით, თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებით, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც იმავდროულად ქართული ოცნების ლიდერიცაა. 

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო „არადემოკრატიული და არათავისუფალი“ და ის ქვეყნისთვის კიდევ ერთ „უკან გადადგმულ ნაბიჯს“ წარმოადგენს, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გაუარესდა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებით.

„არჩევნები არ დამთავრებულა და ახლა ყველაზე უფრო მთავარი არის დათვლის პროცესი. ყველა ხმა იქნება დაცული და რეაგირების გარეშე არ დარჩება არაფერი“, – განუცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია „იმედს“.

კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საუბნო კომისიების სიახლოვეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. თბილისში ერთ-ერთი ამგვარი ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის ორი აქტივისტი დააკავეს; თუმცა ორივე მათგანი მალევე გაათავისუფლეს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის ცნობით. ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიცია ქართული ოცნების სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა და მმართველი კოალიციის მისამართით განაცხადა, რომ ის საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის შექმნას ცდილობს.

Back to top button