ახალი ამბები

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რაზეც პოტენციურ ინვესტორებს განაცხადების წარდგენისთვის ვადა 2014 წლის ოქტომბრამდე აქვთ.

მთავრობის მიერ დადგენილი პირობების თანახმად, ინვესტორის ვალდებულებები მოიცავს პორტის დაპროექტებას, მშენებლობას და ოპერირებას; მის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური ჰაბის განვითარებას; ასევე ტვირთების მოზიდვას და მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში პორტის ექსპლოატაციაში გაშვებას. 

პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა).

პირობების თანახმად, მშენებლობის მეოთხე და მომდევნო ეტაპები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც პორტში იმ ეტაპისთვის არსებული ტვირთბრუნვა მისი გამტარუნარიანობის 90%-ს მიაღწევს.

პოტენციურ ინვესტორს, ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, მსგავსი მასშტაბისა და სირთულის პროექტების განხორციელების, დაფინანსებისა და მართვის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ანაკლიაში დიდი გამტარიანობის და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მთავრობის თანამონაწილეობა შემოიფარგლება 1 000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გამოყოფითა და ადგილზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შეთავაზებით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 ივლისს პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის სახელმწიფო არ აპირებს ფინანსურ თანამონაწილეობას. 

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ უცხოური კომპანიები სრულად დააფინანსებენ ამ პროექტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ანაკლიის პორტით დაინტერესებულები არიან უმსხვილესი ამერიკული და გერმანული კომპანიები, ასევე ჩინეთის სახელმწიფო და რუმინეთი, რათა მათი ჩართულობით „მოხდეს ახალი აბრეშუმის გზის აღდგენა და განვითარება“.

„ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერის გადაზიდვას დაჭირდება მხოლოდ 17 დღე – ეს არის უმოკლესი გზა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა პრემიერმა, „ამ პროექტის განხორციელება არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის“.

მსგავსი/Related

Back to top button