ახალი ამბები

GDS ადასტურებს, რომ ახალი თოქშოუს თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილი იქნება

ტელეკომპანია GDS-მა დაადასტურა, რომ სავარაუდოდ ოქტომბრიდან ახალი თოქშოუს გაშვებას გეგმავს, რომლის თანაწამყვანიც ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

Georgian Dream Studio (GDS) გასართობი სატელევიზიო არხია და მას ივანიშვილის შვილი, ბერა ხელმძღვანელობს. 

„ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ “GDS Production”-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ,  გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ 7 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

„ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
„ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს, იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი,  ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია GDS-ის განცხადებაში, რომელიც დასძენს, რომ  „პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება“.

მსგავსი/Related

Back to top button