ახალი ამბები

გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა ხუთშაბათს დილით თბილისის აეროპორტში დააკავეს.

დაკავებამდე უგულავამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ჟურნალისტებს განუცხადა აეროპორტში, რომ ის მიემგზავრებოდა კიევში და 3 ივლისსვე აპირებდა თბილისში უკან დაბრუნებას, ვინაიდან მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 4 ივლისს დილით დაკითხვაზე იბარებდა.

უგულავას ხელბორკილები დაადეს და აეროპორტიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. უგულავას ადვოკატმა, რომელის მას იზოლატორში შეხვდა, განაცხადა, რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ არავითარი დამატებითი ბრალდებები არ არის წარდგენილი. 

ახალი ბრალდებები უგულავას 30 ივნისს დაკავების გარეშე წაუყენეს. 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე. პროკურატურის განცხადებით, უგულავა ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. უგულავამ, რომელმაც უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი, 2 ივლისს სასამართლოს განუცხადა, რომ ქვეყნიდან გაქცევას სიკვდილი ერჩია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მათ შორის პასპორტის ჩამორთმევის მართებულობა და მიზანშეწონილობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ  არ არსებობდა უგულავას მხრიდან „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე,  პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“.

ნაციონალურმა მოძრაობამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ უგულავას დაკავება მიმართულია „საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებისკენ და მთავრობის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების გაღრმავების ნიშანია“.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასევე სჯერა, რომ გიგი უგულავას დაკავება მოხდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თანამდებობის პირი არაა, კვლავ რჩება მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად საქართველოს მთავრობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ რაც უგულავას ხელბორკილები დაადეს, მან ჟურნალისტებს განუცხადა აეროპორტში:, „დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასდროს დავუხრი“.

 

Related Articles

Back to top button