ახალი ამბები

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მომავალი კვირიდან დაიწყება

ანაკლიაში ახალი მულტიფუნქციური პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მომავალი კვირიდან დაიწყება, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური 2 ივლისს.

პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპატრნიორო ფონდმა პორტის მშენებლობისთვის  საუკეთესო ლოკაციის შერჩევის მიზნით კვლევა დაასრულა და შავი ზღვის სანაპიროზე 10 შესაძლო ადგილს შორის  უპირატესობა ანაკლიას მიანიჭა, რადგან მას დიდი ტევადობის გემების  მომსახურების პოტენციალი გააჩნია.

„ალტერნატიულ ლოკაციებთან შედარებით ანაკლიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ნავსადგურს აქვს გაფართოების და განვითარების პერსპექტივა და კარგი წვდომა ზღვის ღრმა კანიონზე“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას ქვეყნისთვის „უმნიშვნელოვანესი“ უწოდა, რაც „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“.

დაახლოებით სამი თვის წინ მთავრობა იტყობინებოდა, რომ ამ პროექტით დაინტერესებული იყო ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი „კონტი ჯგუფი", რომელსაც უკვე შემუშავებული ჰქონდა „ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას“.

მსგავსი/Related

Back to top button