skip to content
ახალი ამბები

ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა 7 ივლისს პრაღაში გაიმართება

ქართველი და რუსი ექსპერტები 7 ივლისს პრაღაში იმსჯელებენ იმ შესაძლო გავლენაზე, რაც ორმხრივ ვაჭრობაზე შეიძლება იქონიოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს ხელმოწერილმა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელშიც მისი სამინისტროს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას, ევროპასთან ასოცირების თანმდევი ახალი პირობები იქნება განხილული და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელიც  საქართველო–რუსეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში იქნება გასათვალისწინებელი.

„ეს არის წმინდა პრაქტიკულ დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელმაც შეცვლილი პირობების გამო, რომელიც საქართველოს ახალ ვითარებაში აყენებს, უნდა განსაზღვროს არის თუ არა რაიმე ცვლილება მოსალოდნელი ორმხრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ შვედ კოლეგასთან კარლ ბილდტან თბილისში შეხვედრის შემდეგ 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამგვარ შეხვედრებში, რომელიც შესაძლოა კიდევ გაიმართოს, საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას.

კითხვაზე საჭიროა თუ არა, რომ ევროკავშირიც ჩაერთოს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის თაობაზე დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაში, შვედეთისა საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „არ არის აუცილებელი, მაგრამ ეს საქართველოზეა დამოკიდებული“.

შაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მოსკოვი მზადაა ამგვარი კონსულტაციებისთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ სამივე ქვეყანასთან – უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ეკონომიკური პოლიტიკის ადაპტაციისთვის.

„ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის ქართველ კოლეგებთან  – ჩვენ ქვეყნებს აქვთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა განვითარებაც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა ლავროვმა 28 ივნისს „რია ნოვოსტის“ თანახმად.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან 2014 წლის პირველი ხუთ თვეში 35.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ძირითადად, ქართული ექსპორტის 3.5–ჯერ გაზრდის ხარჯზე და 303.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტების შეხვედრიდან ორ დღეში, 9 ივლისს პრაღაში ასევე იგეგმება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის  ზურაბ აბაშიძის მომდევნო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან.

 

მსგავსი/Related

Back to top button