ახალი ამბები

მერების და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად 5.7 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოს 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვას, რომლის თარიღიც ჯერ არ გამოცხადებულა, 5 756 000 ლარი დასჭირდება, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. 

26 ივნისის სხდომაზე მთავრობამ გადაწყვიტა თავისი სარეზერვო ფონდიდან 3 მლნ ლარი გამოყოს, რაც დაემატება ცესკოს ხელთ არსებულ 2 537 000 ლარის ოდენობით ფინანსურ რესურსს და ჯამში ეს თანხა მეორე ტურის ორგანიზებას მოხმარდება.  

ამასთან, მთავრობის წინასწარი მონაცემებით, 1 660 000 ლარს შეადგენს ის ჯამური მოცულობა, რა თანხაც კამპანიის ხარჯების ასანაზღაურებლად არჩევნებში მონაწილე ცალკეულმა სუბიექტებმა უნდა მიიღონ.

კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მთელ ქვეყანაში საკრებულოების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 3% ან მეტს მოიპოვებს, ადგილობრივი არჩევნების ორივე ტურში  საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არა უმეტეს 500 000 ლარს. დაფინანსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშების შესაბამისად.

არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, კამპანიის დროს გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ კოალიცია ქართულ ოცნებას (50.83%), ნაციონალურ მოძრაობას (22.41%), ნინო ბურჯანაძის კოალიციას (10.22%), საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (4.72%) და ლეიბორისტულ პარტიას (3.45%).

არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 19 სუბიექტი ამ დაფინანსების მიღმა დარჩება, ვინაიდან მათ 3%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს, წინასწარი მონაცემების მიხედვით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button