ახალი ამბები

საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 2014 წლის იანვარ–მაისში

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გავრცელებული მონაცემებით, საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან 2014 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 35.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ძირითადად, ქართული ექსპორტის 3.5–ჯერ გაზრდის ხარჯზე.   

303.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბრუნვის წყალობით, რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის შემდეგ 2014 წლის იანვარ–მაისში. 2014 წლის პირველ კვარტალში რუსეთი მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მაგრამ პირველი ხუთი თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჩინეთიდან იმპორტის 21.7%–ით ზრდის შედეგად, ამ უკანასკნელმა საქართველოს მესამე უმსხვილესი პარტნიორის ადგილი დაიკავა და მასთან სავაჭრო ბრუნვამ 308.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მაშინ, როცა რუსეთიდან იმპორტი მხოლოდ 1%–ით გაიზარდა იანვარ–მაისში, საქართველოდან ექსპორტი 2013 წლის პირველ ხუთ თვეში არსებული 30.9 მილიონი აშშ დოლარიდან 2014 წლის იმავე პერიოდში 108.38 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ქართული ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტით რუსეთში, რაც 2013 წლის გაზაფხულის ბოლომდე რუსეთის მიერ აკრძალული იყო.

2014 წლის იანვარ–მაისში ექსპორტირებული ქართული ღვინის ღირებულებამ 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6–ჯერადი ზრდაა, იტყობინება „საქსტატი“.

2014 წლის იანვარ–მაისში რუსული ბაზრის წილმა ქართული ღვინის ექსპორტში 68% შეადგინა, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთს მოყვება უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი, ლატვია, ჩინეთი, ბელარუსი, ესტონეთი და აზერბაიჯანი.  

ქართული მინერალური წყლების ექსპორტი 2014 წლის იანვარ–მაისში თითქმის გაორმაგდა და 60.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ქართული პროდუქციის ექსპორტმა დსთ–ს წევრ ქვეყნებში 627.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც აზერბაიჯანი (240.4 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (129.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (108.3 მლნ აშშ დოლარი)საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები იყო.

ქართულმა ექსპორტმა ევროკავშირში, რომელთანაც თბილისი 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს, 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2014 წლის იანვარ–მაისში, რაც 58%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან, იტყობინება „საქსტატი“.

2014 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე საქართველოს საგარეო ვაჭრობა 16%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან და 4.49 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; მთლიანი ექსპორტი 17%–ით გაიზარდა 1.17 მილიარდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 15%–ით 3.32 მილიარდ აშშ დოლარამდე, იტყობინება „საქსტატი“.    
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button