ახალი ამბები

მარგველაშვილის თქმით, მისი და მმართველი კოალიციის სტრატეგიული ხედვა „თანმდევია“

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარების თაობაზე  მისი და მმართველ კოალიციის სტრატეგიული ხედვა „თანმდევია“ და სანამ მათ საერთო ღირებულებები ექნებათ, ის დარჩება ქართული ოცნების გვერდით.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს ღირებულებაა „ორიენტაცია ევრო-ატლანტიკური მიმართულებით და ამავე დროს რუსეთთან დაძაბულობის მოხსნა“, ხოლო საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით „ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკის ლიბერალურ რეჟიმში გადაყვანა და ეს არის ორიენტაცია სოციალური პრობლემების მოგვარებაზე“.

„მე დავრჩები კოალიციის გვერდით, სანამ კოალიციას ექნება ეს ღირებულებები – დემოკრატია, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა დასავლეთზე ორიენტირებული, რუსეთთან ისტერიის და დაძაბულობის გარეშე“, – განაცხადა მარგველაშვილმა 20 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „რეაქცია“ სტუმრობისას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ეს საქმიანი ურთიერთობაა“.
 
„არა მგონია, რომ მე ირაკლისთან დამეძაბა ურთიერთობა“, – განაცხადა მან, თუმცა არ ისურვა მისი ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადებების კომენტირება, რომელმაც თქვა, რომ  პრეზიდენტსა და მთავრობას შორის „არასახარბიელო“ ურთიერთობებში სერიოზულ როლს თამაშობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ფაქტორი“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მარტში ივანიშვილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი საჯაროდ გააკრიტიკა.

მარგველაშვილის თქმით, ის „სირთულეები“, რომელიც ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლების ორ შტოს – პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მთავრობას შორის, დაკავშირებულია ახალი კონსტიტუციური რეალობის ფარგლებში ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელ ურთიერთობებთან. 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვან შეკვეცილია პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე.

„აქ არ არის არც დემარში, არც ომი, არც სკანდალი, არც არმაგედონი. აქ არის ბუნებრივი პროცესი რაღაცეების დალაგების“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ სრულიად ბუნებრივია, რომ მას რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გააჩნდეს, როგორც ეს მაგალითად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  ხელმოწერის თაობაზე პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების კონტექსტში მოხდა.

მან განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესი დაიცვა, ერთის მხრივ იმით, რომ ხელმოწერის საკითხთან დაკავშირებით „კითხვის ნიშნები მოხსნა“, როცა პრემიერ-მინისტრს გადასცა ეს უფლება და მეორეს მხრივ, თავისი პოზიცია დააფიქსირა იმაზე, რომ სწორი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, მოეწერა ხელი ხელშეკრულებისთვის. 

„როგორც კი მე უარი ვთქვი ხელმოწერაზე, შემდგომი დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან, როცა იმაზე ჰკითხეს, თუ რატომ არ იქნება წარმოდგენილი იმ ოფიციალურ დელეგაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრება ბრიუსელში 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად.

მან ასევე განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ორიენტირის ევროკავშირში წევრობაზე გადატანა, რადგან „ასოცირების პროცესში ჩვენ ვხედავთ საშუალებას, რომ საქართველო გავხადოთ ევროკავშირის ნამდვილი წევრი“.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავარი საფიქრალი იყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ეს ასეც მოხდა.

„დარღვევების მიუხედავად, ეს ნამდვილად იყო დემოკრატიული არჩევნები, თუნდაც იმ პარამეტრით, რომ არის მეორე ტურები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არც მეორე ტურში დაიზარებს და თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატს  დავით ნარმანიას მისცემს კვლავაც ხმას, რომელზეც ფიქრობს, რომ „ქალაქის კარგი მერი იქნება“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმ მოტივით, რომ არ შეექმნა „დაძაბულობა“, თავი აარიდა არჩევნების პროცესის დასრულების შემდეგ მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხს, თუმცა განაცხადა: „მაქვს ჩემი პოზიცია და ბუნებრივია ეს პოზიცია არის ჩამოყალიბებული ყველა კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით“.

მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა მის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ საგარეო ურთიერთობებში მისი მრჩეველი, „ბავშვობის მეგობარი“ ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო არ გაუთავისუფლებია. "გავლენა არ მოუხდენია [ამ კრიტიკას] და მეტსაც გეტყვით ამ კითხვის ნიშნის მეორე მხარემ, ბიძინა ივანიშვილმაც იგივე კომენტარი მისცა, როცა მას ეს კითხეს", – დასძინა მან.   

„ამ ვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ ასე ჯობდა ჩვენთვის ყველასთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა და თავის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებზე მეტი დეტალების გამჟღავნება არ ისურვა.

მსგავსი/Related

Back to top button