ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის თქმით, მისი ‘განადგურების მცდელობა განწირულია კრახისთვის’

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებას მოუწოდა არჩევნების შედეგებით „ჟონგლიორობისა“ და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ „ომის“ ნაცვლად, „მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა თუ საგარეო გამოწვევებზე ფიქრს“.

17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც, მისი თქმით, „საკუთარი თავის ძირითად კონკურენტად წარმოჩენა სურს“, არჩევნების შედეგებით მანიპულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპონენტები მმართველი კოალიციის მიერ არჩევნებში მოპოვებული „დამაჯერებელი“ გამარჯვების დაკნინებას ცდილობენ.

18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ „უსუსური და ღიმილის მომგვრელი“ უწოდა ხელისუფლების მცდელობას ერთის მხრივ წარმოაჩინოს თითქოს  „ქართული ოცნების ელექტორალური მხარდაჭერა არ შემცირებულა“ და მეორე მხრივ, ამტკიცოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს“.

პარტიის განცხადებით, ქართული ოცნების „დაჟინებული მცდელობა დაამახინჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები“, ყოფილი და ამჟამინდელი პრემირ-მინისტრების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის „ახირებაა“. 

„გუშინდელი ჟონგლიორობა არჩევნების შედეგებით არის ხელსაყრელი პოლიტიკური რეალობის შექმნის მცდელობა ერთადერთი ოპოზიციური ძალის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წინასწარ გამოცხადებული დევნის მორიგი ტალღის დაწყებამდე“, რომელიც განცხადების თანახმად,“ ნაციონალურ მოძრაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ელის“.

„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგი ეტაპის დასაწყებად სჭირდება ქართულ ოცნებას ერთი მხრივ მაღალი ლეგიტიმაცია (რომელიც ამ არჩევნებზე ვერ მიიღო), ხოლო მეორე მხრივ, ჩვენება თითქოს ნაციონალური მოძრაობა იმდენად სუსტია, რომ მის მიმართ განხორციელებული დევნა შეუძლებელია პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს“, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობა. 

„ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა არჩევნების შედეგების დამახინჯებულად წარმოჩენის, ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურების,  განწირულია კრახისთვის. ერთადერთი რაც ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მოაქვს – ეს არის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პირადად ბ-ნ ივანიშვილს – თავი დაანებონ ერთადერთ ოპოზიციურ პარტიასთან ომს; ეს არ არის ის, რისთვისაც ისინი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია; და მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა თუ საგარეო გამოწვევებზე ფიქრს“, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

მსგავსი/Related

Back to top button