ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მაქსიმალური მობილიზებაა, რომ ეს არჩევნები წარმატებული იყოს ქვეყნის განვითარების ისტორიაში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ვაკის საარჩევნო უბანზე ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ  „ეს დღე ძალიან წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში“.

„ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, რომ ეს არჩევნები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ ამისათვის  ყველა წინასწარი პირობა დაცული გვქონდა და დღესაც ვართ მაქსიმალურად მობილიზებული“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და მათ აქტივისტებს, რომ „მაქსიმალურად შეიკავონ თავი ემოციებისგან და ნებისმიერი პროვოკაციისგან“. 

„მე მინდა მივმართო სამართალდამცავებს, რომ მაქსიმალურად დროულად, ეფექტურად აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია, ნებისმიერი მცდელობა რაიმე დარბევის ან ჩაშლის“, – განაცხადა მან.

ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 

მისი თქმით, მარტვილში სოფელ დოშაყეს მე-16 სარჩევნო უბნიდან ნიღბიანი პირების მიერ ღამით გატაცებული საარჩევნო ბიულეტენების გამო ჩაშლილი კენჭისყრის პროცედურა დაგვიანებით დაიწყო მას შემდეგ, რაც გატაცებული ბიულეტენები საარჩევნო უბანთან ახლოს დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს. ამ ინციდენტს პოლიცია იძიებს.

პრესსპიკერის განცხადებით, ასევე შეფერხებებია ზუგდიდის რაიონის ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 1 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ხმის მიცემის პროცესი ანაკლიის ამ უბანზე მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რამდენიმე მაცხოვრებელმა, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან გაუჩინარებული ნათესავის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვდნენ, საარჩევნო ყუთი დაამტვრია და ბიულეტენები დახია. ტელევიზიით აჩვენეს გოგიტა აბულაძის დედა, რომელიც უბანზე საარჩევნო დოკუმენტაციას ხევდა და ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ არაფერი კეთდება მისი შვილის საქმის გასახსნელად. პოლიცია მას საუბნო კომისიის ტერიტორიის დატოვებას თხოვდა. 

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, მართალია „მცირე ხარვეზებს“ ჰქონდა ადგილი საარჩევნო პროცესში, მაგრამ მიმაჩნია რომ „ეს ხარვეზები დროულად იქნება გამოსწორებული“ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი ორგანოების „ეფექტური“ მუშაობის გზით.

მან ასევე განაცხადა, რომ ხმა "საქართველოს მომავალს, საქართველოს განვითარებას, წინსვლას და სტაბილურობას" მისცა.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში ლიდერობს და მეორე ტური არ უნდა გახდეს საჭირო, თუმცა „დაველოდოთ“, რადგან „თუ მეორე ტური იქნება, არც ეს იქნება ტრაგედია“. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭირვალე და დემოკრატიული სახელმწიფო“, – დასძინა მან.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც არჩევნების პროცესს ქვეყნის მასშტაბით 1 300 დამკვირვებლის მეშვეობის აკვირდება, განაცხადა, რომ შუადღისთვის პროცედურული დარღვევების გამო 9 საჩივარი დაწერა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებით, ეს დარღვევები მოიცავს მარტვილის უბნიდან ბიულეტენების გატაცების ფაქტს, უბანზე აგიტაციის ერთ შემთხვევას, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის სამ ფაქტს, ხოლო ერთ შემთხვევაში ხუთი ბიულეტენის გაბათილებას, რასაც ზუგდიდის ოლქის  89-ე უბანზე იმის გამო  ჰქონდა ადგილი, რომ საარჩევნო ყუთში კომისიამ არ მოათავსა საკონტროლო ფურცელი.

მსგავსი/Related

Back to top button