ახალი ამბები

ღარიბაშვილი მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს ‘დამაჯერებელი გამარჯვებისთვის’

თბილისში 13 ივნისს ქართული ოცნების კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარდამჭერებს კვირის ადგილობრივ არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა „დამაჯერებელი გამარჯვების“ მოსაპოვებლად. 

პარასკევს საღამოს გამართულ აქციაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა მიმართა მხარდამჭერებს: „ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ – ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. მაგრამ დღეს მე მინდა მოგმართოთ კიდევ ერთხელ ყველას და მოგიწოდოთ, რომ მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და უკლებლივ ყველა მივიდეთ არჩევნებზე“.

„ჩვენ არ გვაქვს არჩევნებზე არ მისვლის უფლება, არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, დავრჩეთ გულგრილი და ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ ქართული ოცნება მაინც გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გახდეთ ამ გამარჯვების თანამონაწილე; ამიტომ აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანი მოხვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ისევე როგორც ორი წლის წინ [საპარლამენტო არჩევნებზე], ახლაც ყოველი თქვენგანის ხმა არის გადამწყვეტი საბოლოო გამარჯვებისთვის… კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე, ნუ დარჩებით სახლში იმის იმედად, რომ თქვენი ხმის გარეშეც გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური ძალა… მოდით არჩევნებზე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოძალადე რეჟიმის შემქმნელებს აღარასოდეს ჰქონდეთ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მოტყუების უფლება; მოდით იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ ჩამოირეცხოს ამ რეჟიმის სირცხვილი და ახალი ცხოვრება დავიწყოთ თქვენთან ერთად“, – განაცახდა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 15 ივნისის არჩევნები არის „კიდევ ერთი ტესტი“ და მოუწოდა „ყველას – იქნება ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუ მისი მხარდამჭერი – რომ არ დავუშვათ ძალადობა, ან ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი არჩევნების პროცესი და ამით იმიჯი შეულახოს ჩვენს ქვეყანას“.

კვირის არჩევნების შესახებ 14 ივნისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს „უზრუნველყონ წესრიგი ყველგან, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში“ და „დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და სამართალდარღვევა, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს“.

ნაციონალურმა მოძრაობამ 13 ივნისს ასევე გამართა კამპანიის დასკვნითი შეხვედრა თბილისში. მხარდამჭერების და აქტივისტების წინაშე გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პარტია „ბევრ რაიონში და ბევრ ქალაქში“ გეგმავს გამარჯვებას.

უგულავამ განაცხადა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „ავარიაში მოყვა“, რის შემდეგაც „ჩვენ ვიყავით საავადმყოფოში, სადაც ექიმი წამლის მაგივრად საწამლავს გვადებდა ჭრილობებზე“.

„მაგრამ ხომ იცით, რომ რაც არ გკლავთ, ყველაფერი გაძლიერებთ; საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ საზოგადოებას ვანახეთ სასწაული იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა პირველი პარტიაა საქართველოს ისტორიაში“, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ არ გამქრალა, განაცხადა უგულავამ.

„ამ არჩევნებზე ჩვენ გამოვდივართ საავადმყოფოდან უკვე გამოჯანმრთელებულები, ჯანზე მოსულები და ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მხოლოდ გამარჯვებისთვის და მარტო გამარჯვებისთვის“, – დასძინა მან.

მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა: „მე ვგრძნობ მოზღვავებულ ძალას და ენერგიას თქვენგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალას ჩვენ 15 ივნისს გამარჯვებად ვაქცევთ“.

„წინსვლის მაგივრად არის უკუსვლა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ღირსების საკითხი, რომ 15 ივნისს ჩვენ ამ ყველაფერს გავცეთ ღირსეული პასუხი“, – განაცხადა მელიამ. 

მან ასევე განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია გაიმარჯვებს არჩევნებში, ის არა ამომრჩევლების წინაშე, არამედ ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, რომელმაც შეარჩია მისი კანდიდატურა.

თბილისში 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას არასაპარლამენტო ოპოზიციური კოალიცის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ, რათა დასრულდეს „კოჰაბიტაზია ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის“. ბურჯანაძე, რომელიც თავად არ იყრის კენჭს 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში, აქტიურ კამპანიას ახორციელებს თავისი კოალიციისა და კანდიდატების სასარგებლოდ და  აკრიტიკებს როგორც ქართულ ოცნებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას.

„ისიც კი გასაკვირია, რომ საერთოდ ნაციონალური მოძრაობა ბედავს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ეს არის ქართული ოცნების დამსახურება იმიტომ, რომ მათ რეანიმაცია გაუკეთეს ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა მან 14 ივნისს და დასძინა, რომ მისი კოალიციის გამარჯვებას მოყვება „სამართლიანობის აღდგენა“ და კამპანიის დაწყება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

მისი თქმით, მათ იციან, რომ ყველა რაიონში და თვითმმართველ ქალაქში მოიგებენ არჩევნებს და რომ ქართულ ოცნებას თბილისში გამარჯვების შანსი პირველ ტურში არ აქვს. მისი თქმით, უარეს შემთხვევაში, ქართული ოცნების კანდიდატსა და ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.

მისი თქმით, ამომრჩევლებმა აღარ უნდა დაუშვან იგივე შეცდომა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუშვეს და ერთი ადამიანის ხათრით, მას მხედველობაში ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა, ქართული ოცნების კანდიდატს  ხმა არ უნდა მისცეს.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბურჯანაძემ ხმების 10.19% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების შემდეგ, რომელთაც 62.12% და 21.72% მიიღეს, შესაბამისად.  

კვირის არჩევნებზე ამომრჩევლები 12 ქალაქის მერს, 59 მუნიციპალიტეტის გამგებელს და 71 ახალ საკრებულოს აირჩევენ სამი წლის და ოთხი თვის ვადით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში სულ 16 190 კანდიდატი მონაწილეობს.  ამ მაჩვენებელში შედიან კანდიდატები როგორც საკრებულოს პარტიული, ისე მაჟორიტარული სისტემებიდან, ასევე გამგებლობის და მერობის კანდიდატები.

ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი" ცალცალკე ეგზით პოლების გამართვას გეგმავენ. „რუსთავი 2“–მა ეგზით პოლი კომპანია GfK–ს, ხოლო „იმედმა“ ACT–ს დაუკვეთა.   

მსგავსი/Related

Back to top button