ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანის თქმით, მან მრჩევლის თანამდებობა პრეზიდენტის თხოვნით დატოვა

პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მათ თანამდებობა „პრეზიდენტის თხოვნით“ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში ვიყავი, შემდეგ კი ადმინისტრაციაში საგარეო საკითხებში მრჩევლად მისი თხოვნით და ჩვენს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობიდან გამომდინარე ვიმუშავე და მისივე თხოვნის გათვალისწინებით, ჩემი პირადი განცხადებით წამოვედი ამ თანამდებობიდან“, – განუცხადა ვანო მაჭავარინმა civil.ge-ს პარასკევს.

მან სხვა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 13 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებებს, სადაც ნათქვამია, რომ მისმა მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობები  "საკუთარი ინიციატივით" დატოვეს.

ამ გადაწყვეტილების დეტალებზე არც აბაშიძეს უსაუბრია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს „იყო ერთობლივი გადაწყვეტილება“ და ადგილი არ ჰქონია „არანაირი დაპირისპირებას“ პრეზიდენტ მარგველაშვილთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button