ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ‘ანექსიაში დაინტერესებული არ არის’

ყირიმის სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შედარება „დიდი შეცდომაა“, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 ივნისს BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ რამდენადაც მან იცის, რუსეთი ამ ორი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიაში დაინტერესებული არ არის“.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიც შესაძლოა „შთანთქას“ რუსეთმა ყირიმის მსგავსად, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. როდესაც ხალხი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციას ყირიმს ადარებს, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა“.

მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ე.წ. სახელმწიფოებს“ „დამოუკიდებლობის მოპოვება სურთ“ და რუსეთმა ისინი საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. 

„რამდენადაც მე ვიცი და ჩვენი ანალიზის თანახმად, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე ფაქტო ტერიტორიის ანექსიაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც 11 ივნისს ლონდონს სტუმრობდა, სადაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველად განთავსებას დაესწრო.  

როდესაც ღარიბაშვილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებაზე ჰკითხეს, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შედეგები, მან განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დაარწმუნა, რომ მოსკოვი არ ჩაერევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პროცესში.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა, „ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან“. 

„სააკაშვილის ადმინისტრაციას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა რუსეთთან, რადგანაც ისინი ძალიან რადიკალურ პოლიტიკას ახორციელებდნენ. ჩვენ მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგით დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ეს კარგადაც გამოგვივიდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამას მოყვა ქართული პროდუქციის თანდათან დაბრუნება რუსულ ბაზარზე.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო პრეცედენტი და მაგალითი შევქმენით რეგიონში – ერთი მხრივ, ჩვენ ევროკავშირის ნაწილი გვინდა გავხდეთ… და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვახდენთ, ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავი ბალანსი ვიპოვეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

ნატოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი არის შეუქცევადი პროცესი. რა თქმა უნდა, ასეთი გულუბრყვილოები არ ვართ და გვესმის, რომ ამას დრო სჭირდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია“.

მსგავსი/Related

Back to top button