Placeholder canvas
ახალი ამბები

ღარიბაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველად განთავსებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11 ივნისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველად განთავსებას დაესწრო.

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული მეორე ქართული ბანკია; მისი აქციების პირველადი განთავსების (IPO – Initial Public Offering) ღირებულებამ, რომლებიც გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების (GDR) სახით განთავსდა, 239 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ბანკის კაპიტალიზაციამ – 640 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ კვირას თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ GDR-ის საწყისი ფასი 13 აშშ დოლარი იქნებოდა; მაისში შესათავაზებელი სავარაუდო ფასი 13-დან 16 დოლარამდე მერყეობდა ერთ GDR–ზე. ბანკმა განაცხადა, რომ აქციების განთავსების შედეგად მოზიდული თანხით ის გეგმავს, უფრო აქტიურად დააფინანსოს „ისეთი მზარდი სეგმენტები“, როგორიცაა საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

„ამ ტრანსაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორები დარწმუნებული არიან იმაში, რომ გარემო საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადია და არსებობს მდგრადი ზრდის პოტენციალი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

თიბისი ბანკის კონკურენტი „საქართველოს ბანკი“ პირველი ქართული საბანკო ორგანიზაცია იყო, რომელმაც 2006 წელს GDR–ის სახით ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავისი აქციები განათავსა; ამ ცერემონიას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. 2012 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადავიდა.

საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი, თიბისი და საქართველოს ბანკი სესხების და დეპოზიტების დაახლოებით 60%–ს აკონტროლებენ, რაც მომდევნო უმსხვილეს ბანკთან შედარებით თითქმის ექვსჯერ მეტია.

მსგავსი/Related

Back to top button